ანალიტიკური ცენტრი „ჯეოქეისი“ განცხადებას ავრცელებს, რომელშიც ევროპელ პარტნიორებსა და მეგობრებს შექმნილი ვითარების საღად და პრაგმატულად შეფასებისკენ მოუწოდებს.
განცხადებაში აღნიშნულია, რომ ანალიტიკურ ცენტრში აცნობიერებენ კანონის მიღების საპასუხოდ პარტნიორების მხრიდან გადადგმული ნაბიჯების გარდაუვალობას და იმასაც აცხადებენ, რომ პრაგმატული შეფასების გარეშე იმ ზიანის გამოსწორებას, რომელიც ამ ქმედებებით მიადგება საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობებს, მეტი დრო და რესურსი დასჭირდება.
„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ მიღებულმა კანონმა სამართლიანი სამოქალაქო და საზოგადოებრივი პროტესტი გამოიწვია ქვეყნის შიგნით. ასევე, ბუნებრივია ის კრიტიკული შეფასება, რაც ამ კანონმა განაპირობა საქართველოს საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან. ლოგიკურია უკვე გაჟღერებული ინიციატივაც ამ კანონზე საკონსტიტუციო სარჩელის შეტანის თაობაზე, რასაც სრულად ვიზიარებთ და მხარს ვუჭერთ. ამასთანავე, ევროკავშირისა და ამერიკის შეერთებული შტატების ოფიციალური განცხადებებით, განიხილება საპასუხო ზომების ამოქმედებაც. ამ შესაძლო ზომებს შორის დასახელდა საქართველოს მოქალაქეებისათვის იმ მნიშვნელოვანი ინსტრუმენტის შეჩერება, რაც ევროკავშირის ქვეყნებში უვიზოდ შესვლის უფლებას შეეხება.
ვაცნობიერებთ, მიღებული კანონის საპასუხოდ, ჩვენი ქვეყნის პარტნიორების მხრიდან გარკვეული ნაბიჯების გადადგმის გარდაუვალობას. ამასთანავე, ანალიტიკურ ცენტრ „ჯეოქეისი“-ს სახელით გვსურს განვაცხადოთ, რომ ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის არსებული რეჟიმის ხელშეუხებლობა კრიტიკულია ქვეყნის მოქალაქეებისათვის ევროპასთან კავშირების განსამტკიცებლად, ქართულ საზოგადოებასა და ევროკავშირის სივრცეს შორის ადამიანური, საქმიანი, კულტურული და ემოციური ბმის შესანარჩუნებლად და გასავითარებლად. უფრო მეტიც, უვიზო მიმოსვლის შეჩერება ყველაზე მეტად ავნებს ევროპასთან მჭიდროდ დაკავშირებულ, საზოგადოების პროევროპულად განწყობილ ნაწილს, უნებლიედ ხელს შეუწყობს ქვეყნის შიგნით ანტი-ევროპული განწყობის პროპაგანდას, დააზიანებს საკუთრივ ევროკავშირის გეოპოლიტიკურ პოზიციონირებას, გამოიწვევს ქართული საზოგადოების ევროპული სივრცისგან იზოლაციას, შეაფერხებს ქართულ და ევროკავშირის წევრი ქვეყნების საზოგადოებებს შორის ურთიერთობების გაღრმავების პროცესს, რაც სასიცოცხლოდ აუცილებელია ჩვენი ისტორიული, ცივილიზაციური არჩევანის მისაღწევად.
ამდენად, ევროკავშირში საქართველოს ყველა პარტნიორს და მეგობარს მოვუწოდებთ, შექმნილი ვითარების საღად და პრაგმატულად შეფასებისაკენ. ნებისმიერ სხვა შემთხვევაში, ზიანი მოსალოდნელზე მეტი იქნება, რომლის გამოსწორებას საქართველოსა და ევროკავშირის მხრიდან გაცილებით მეტი დრო, რესურსი და ძალისხმევა დასჭირდება“, - ნათქვამია განცხადებაში.