შესაბამისი დონე არ გაგვაჩნია, რომ ექსპორტის ზრდის ტენდენცია გვქონდეს. [ექსპორტის მოცულობები] ისედაც მცირდებოდა და ეს კანონი, ეს პირობები და ასეთი გაფუჭებული ურთიერთობები საერთოდ გაანადგურებს და შეიძლება ითქვას, რომ ევროკავშირის მიმართულებით გაანულებს ექსპორტს,- ამის შესახებ BM.GE-სთან „ხილ-ბოსტნეულის ექსპორტიორთა ასოციაციის“ პრეზიდენტმა, ვახტანგ ბეჟიტაშვილმა განაცხადა.
მისი ინფორმაციით, ამ დროისათვის, ევროპის ქვეყნებში კლების ტენდენცია შეინიშნებოდა. ამასთან, ბევრი არც არაფერი კეთდება იმისათვის, რომ ევროკავშირში საექსპორტო პოტენციალი გაიზარდოს.
„ევროპის ქვეყნებში კლების ტენდენცია შეინიშნებოდა. ამასთან, ბევრი არც არაფერი კეთდება იმისათვის, რომ ევროკავშირში საექსპორტო პოტენციალი გაიზარდოს. შესაბამისი დონე არ გაგვაჩნია, რომ ექსპორტის ზრდის ტენდენცია გვქონდეს. [ექსპორტის მოცულობები] ისედაც მცირდებოდა და ეს კანონი, ეს პირობები და ასეთი გაფუჭებული ურთიერთობები საერთოდ გაანადგურებს და შეიძლება ითქვას, რომ ევროკავშირის მიმართულებით ექსპორტს გაანულებს.
ეს არის მაღალი სტანდარტი, გარკვეული სერტიფიცირება და ეს არის ახალი ტექნოლოგიებით მიღებული პროდუქცია, რომელიც ევროკავშირის სტანდარტებს შეესაბამება. ამიტომ, საკმაოდ დიდი დაფიქრება და სიფრთხილე მართებს ჩვენს საზოგადოებას, რომ ჩვენი ქვეყანა არასწორი პოლიტიკისგან დავიცვათ“, - აცხადებს ბეჟიტაშვილი.
მისივე შეფასებით, რუსეთი არის ჭაობი, რომელიც ქვეყანას კარგს არაფერს მოუტანს. ამას ის ფაქტიც ადასტურებს, რომ რუსეთთან წლების განმავლობაში საქართველოს მეგობრული ურთიერთობაც ჰქონდა, დაპყრობილიც იყო და რუსეთის ეკონომიკასა და პოლიტიკაზე მიჯაჭვულიც იყო. ამას კი, ქვეყნის კეთილდღეობისთვის დადებითი არაფერი მოუტანია.
„დღემდე რუსული ეკონომიკა დათვურ სამსახურს გვიწევს. იმ მხრივ, რომ მათგან შემოსულ თვითღირებულებაზე დაბალფასიანი ხორბალი და ჩვენს ადგილობრივ ფერმერებს უქმნის პრობლემებს. ჩვენგან გასული ექსპორტის გარკვეული რაოდენობა ვითომ კარგ ფასში იყიდება, თუმცა შემდგომში ბაზრის გაჯერება ხდება და ეს არარეალური და არანორმალური პირობებია“,- ამბობს ვახტანგ ბეჟიტაშვილი.