მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

EU-სთან ინტეგრაციის პროცესში შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტს განსაკუთრებული დატვირთვა აქვს - ლევან დავითაშვილი

დავითაშვილი ბუქარესტი

პირველი ვიცე-პრემიერი, ეკონომიკის მინისტრი ლევან დავითაშვილი ამბობს, რომ ევროკავშირთან ინტეგრაციის პროცესში შავი ზღვის წყალქვეშა ელექტრო კაბელის პროექტს საქართველოსთვის განსაკუთრებული დატვირთვა აქვს. ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, ამის შესახებ მან ბუქარესტში, „მწვანე ენერგიის განვითარებისა და გადაცემის სფეროში სტრატეგიული პარტნიორობის თაობაზე“ შეთანხმების ფარგლებში გამართული მინისტერიალის შემაჯამებელ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მისივე განცხადებით, ამბიციური პროექტი ხელს შეუწყობს ევროპის, და არამარტო ევროპის, არამედ სამხრეთ კავკასიის და მთლიანად რეგიონის ენერგოუსაფრთხოებას.

„ევროკავშირის მიზნების ფარგლებში ჩვენ უნდა ვისწრაფოდეთ მომავალში განახლებად ენერგიაზე გადასვლისკენ, მწვანე ენერგიაზე გადასვლა არამხოლოდ ევროკავშირის წევრი ქვეყნებისთვისაა დღის წესრიგის უმნიშვნელოვანესი საკითხი, არამედ საქართველოსთვისაც, ვინაიდან ჩვენ კანდიდატი ქვეყანა ვართ და ამ პროექტში მონაწილეობას უდიდეს მნიშვნელობას ვანიჭებთ. ვფიქრობ, შეხვედრა ძალიან პროდუქტიული იყო, ერთობლივი საწარმო დააჩქარებს უკვე არსებული ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულებას. ასევე სიმბოლურია, რომ საწარმო დაფუძნდება ბუქარესტში, რადგან რუმინეთი უმნიშვნელოვანესს როლს ასრულებს ამ პროექტის ფარგლებში“, - აღნიშნა დავითაშვილმა.

მისი თქმით, თავისუფალი ბაზრებისთვის, მათ შორის ევროკავშირისთვის უაღრესად მნიშვნელოვანია ინფრასტრუქტურული, მათ შორის ენერგეტიკის სფეროს განვითარება, რაშიც შავი ზღვის წყალქვეშა ელექტრო კაბელის პროექტს დიდი წვლილის შეტანა შეუძლია.

„განსაკუთრებული მნიშვნელობა ამ პროექტს იმიტომ ენიჭება, რომ ჩვენ არ გვაქვს პირდაპირი სახმელეთო საზღვარი ევროკავშირთან და მხოლოდ შავი ზღვა გვაკავშირებს. სამხრეთ კავკასიიდან ხელმისაწვდომ ფასად, საიმედო და უსაფრთხო ენერგიაზე წვდომა უაღრესად მნიშვნელოვანია. აღსანიშნავია, რომ სამხრეთ კავკასიაში, კერძოდ საქართველოსა და აზერბაიჯანში შთამბეჭდავი მუშაობა მიდის განახლებადი ენერგიების განვითარების მიმართულებით. ჩვენ ვახორციელებთ ახალ პროექტებს - ჰიდროელექტროსადგურების, ასევე მზისა და ქარის სადგურების მიმართულებით. ერთად ჩვენ შევძლებთ, ვიყოთ ევროკავშირისთვის მწვანე ენერგიის საიმედო მიმწოდებლები და დარწმუნებულო ვარ, რომ საქართველოსა და ევროკავშირს შორის ამ კუთხით თანამშრომლობა გრძელვადიანი იქნება“, - აღნიშნა ლევან დავითაშვილმა.

მინისტერიალი საქართველოს, აზერბაიჯანის, რუმინეთის და უნგრეთის მონაწილეობით უკვე მერვედ გაიმართა და მის ფარგლებში პროექტის მონაწილე მხარეთა მიერ ხელი მოეწერა შეთანხმებას ენერგეტიკულ კომპანიებს შორის ერთობლივი საწარმოს დაფუძნების თაობაზე. მიმდინარე მინისტერიალზე ასევე იტალიურმა საკონსულტაციო კომპანია CESI-მა პრეზენტაცია გამართა მწვანე ენერგიის დერეფნის ფარგლებში ჩატარებული ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევის შესახებ. როგორც ლევან დავითაშვილმა აღნიშნა, ეს არის მნიშვნელოვანი ეტაპი მდგრადი და უსაფრთხო ენერგეტიკული მომავლისკენ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები