ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელმა კარლო ნატალემ მთავარი პროკურატურის მიერ მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძისთვის ოფიციალური ბრალის წარდგენის შესახებ კომენტარი გააკეთა, ნატალეს განცხადებას საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობა ავრცელებს. კარლო ნატალე აღნიშნავს, რომ ამ საქმის განხილვაში მაღალი გამჭვირვალობის სტანდარტის დაცვა უკიდურესად მნიშვნელოვანია.
განცხადებაში ნათქვამია, რომ საქართველოსთვის კარგად მოქმედი სასამართლო სისტემა დემოკრატიის განვითარებისა და ინვესტიციების მოზიდვის მიმართულებით გადამწყვეტ მნიშვნელობას ატარებს.
"უკიდურესად მნიშვნელოვანია, რომ საქმე, რომელიც აღძრულია თიბისი ბანკის თანადამფუძნებლების მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის წინააღმდეგ უკანონო შემოსავლების სავარაუდო ლეგალიზაციის თაობაზე რამდენიმე წლის შემდეგ, გამჭვირვალედ იყოს განხილული.
ჩვენ ველოდებით, რომ კანონის უზენაესობისა და სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობის პრინციპები სრულად იქნება დაცული. კარგად მოქმედი მართლმსაჯულება გადამწყვეტია დემოკრატიისთვის და ასევე უცხოური ინვესტიციების მოსაზიდად.
თიბისი ბანკთან დაკავშირებული მოვლენები მნიშვნელოვანია საქართველოს საბანკო სექტორისთვის და ქვეყნის მაკროეკონომიკური სტაბილურობისთვის,"- ნათქვამია ევროკავშირის წარმომადგებლობის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

























