Gebrüder Weiss-მა ლოგისტიკური ცენტრის რიგით მესამე გაფართოება დაასრულა, რისთვისაც 12 მილიონი ევროს ინვესტიცია განახორციელა. ინფორმაციას ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს.
უწყებაში აღნიშნავენ, რომ ავსტრიული ლოგისტიკური კომპანია Gebrüder Weiss-ის ახალი ტერმინალის გახსნა ხაზს უსვამს კომპანიის მზარდ ინვესტიციებს საქართველოში და ადასტურებს, რომ კავკასიის რეგიონის ლოგისტიკურ სექტორში Gebrüder Weiss-ს მნიშვნელოვანი ადგილი უკავია. დასრულებული პროექტის მოცულობა 6300 კვადრატულ მეტრს შეადგენს. ახალი ტერმინალი მოიცავს როგორც ლოგისტიკურ, ასევე - სასაწყობე ფართებს, საკუთარი პარკირების ზონით. ეს გაფართოება ემატება უკვე არსებულ 12,500 კვადრატულ მეტრ ლოგისტიკურ ფართს, რაც ჯამში 18,800 კვადრატულ მეტრამდე აღწევს. პროექტს საფუძველი 2023 წლის დეკემბერში ჩაეყარა და მისი განხორციელება 9 თვეში დასრულდა.
საქმე ის არის, რომ ავსტრიაში მდებარე Gebrüder Weiss Holding AG გლობალურად მომუშავე სრული ლოგისტიკური სერვისების მომწოდებელი კომპანიაა, 500 წელზე ხანგრძლივი ისტორიით. მისი ლოგისტიკური ტერმინალი საქართველოში 2012 წლიდან ფუნქციონირებს.
კომპანიის აღმასრულებელი დირექტორის ვოლფრამ ზენგერ ვაისის განცხადებით, საქართველოში ეკონომიკური ვითარება პოზიტიურია, გარდა ამისა, საყურადღებოა, ქვეყნის გეოპოლიტიკური მდებარეობა, რადგან საქართველოდან ბიზნესს აქვს წვდომა სხვადასხვა ბაზარზე სამხრეთ კავკასიიდან ცენტრალურ აზიამდე.
„დღეს ძალიან მნიშვნელოვანი დღეა Gebrüder Weiss - ისთვის. ჩვენ [ჯამურად] 25 მილიონი ევროს ინვესტიცია განვახორციელეთ. თავიდან, საქართველოში საქმიანობის დაწყება არ იყო იოლი, თუმცა ჩვენ ვენდეთ საქართველოს და მის მთავრობას და ამან გაამართლა. ჩვენი ბიზნესი წარმატებით ვითარდება და ბიზნესგარემო უბრალოდ შესანიშნავია. ამიტომ, გაფართოების შემდეგი ნაბიჯის შესახებ გადაწყვეტილება მარტივად მივიღეთ. ბიზნესგარემო მნიშვნელოვანია არა მხოლოდ ჩვენი კომპანიისთვის, არამედ ზოგადად, საქართველოში სხვადასხვა ბიზნესის განვითარებისთვის.
საყურადღებოა, ქვეყნის გეოპოლიტიკური მდებარეობა, რადგან საქართველოდან ბიზნესს აქვს წვდომა სხვადასხვა ბაზარზე სამხრეთ კავკასიიდან ცენტრალურ აზიამდე. ამიტომაც განვათავსეთ საქართველოში ჩვენი ბიზნესი. ეს ის გარემოებებია, რომლებმაც გადაგვაწყვეტინა საქართველოში პირველი ინვესტირება და შემდგომი გაფართოება, რამაც აბსოლუტურად გაამართლა,“ - აღნიშნა Gebrüder Weiss - ის აღმასრულებელმა დირექტორმა.
თავის მხრივ, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრ ლევან დავითაშვილის განცხადებით, „კომპანია Gebrüder Weiss-ის საქართველოში საქმიანობის გაფართოება ნიშნავს, რომ ქვეყანა ეტაპობრივად მართლაც გლობალურ სატრანსპორტო-ლოგისტიკურ ჰაბად ყალიბდება.
„ეს არის A კლასის, ძალიან მაღალი საერთაშორისო დონის ლოგისტიკური ცენტრი, რომელიც მოემსახურება როგორც ადგილობრივ მიწოდების ჯაჭვს, ასევე საერთაშორისო სატრანზიტო ოპერაციებს. და ეს ინვესტიცია სრულადაა თანხვედრაში ჩვენს პოლიტიკასთან, რომელიც ტრანსპორტს და ლოგისტიკას უკავშირდება - საქართველო ეტაპობრივად მართლაც ყალიბდება გლობალურ სატრანსპორტო-ლოგისტიკურ ჰაბად. მნიშვნელოვანია, რომ კომპანია ზუსტად ასე ხედავს მის მომავალს - ისინი საქართველოში დამატებით ინვესტიციებს დებენ იმის გამო, რომ პოტენციალს ხედავენ ჩვენს საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტებში, მათ შორის იქნება ეს ტრასეკა, თუ შუა დერეფნის პერსპექტივა“, - აღნიშნა პირველმა ვიცე-პრემიერმა.
ამასთან, ლევან დავითაშვილმა ხაზი გაუსვა, რომ ქვეყანას ბოლო წლებში თანმიმდევრული პოლიტიკის შედეგად მუდმივად აქვს ტვირთნაკადის ზრდა - 2024 წლის იანვარ-აგვისტოს პერიოდში საქართველოს სატრანსპორტო დარგების მიერ საერთაშორისო გადაზიდვების რეჟიმში გადაზიდულმა ტვირთების რაოდენობამ 18.7 მილიონი ტონა შეადგინა, რაც 2023 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 3.7%-ით მეტია.
მინისტრის თქმით, 2024 წლის იანვარ-აგვისტოში საავტომობილო ტრანსპორტით საერთაშორისო რეჟიმში გადაზიდულმა ტვირთების რაოდენობამ 10.5 მილიონი ტონა შეადგინა, რაც 2023 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 5.4%-ით მეტია. მინისტრის ინფორმაციით, მთავრობა ასევე ყოველწლიურად ასობით მილიონ ლარს ხარჯავს ქვეყანაში ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებაზე - ეს ერთ-ერთი ყველაზე მაღალი დანახარჯია მშპ-სთან მიმართებით საჯარო ინფრასტრუქტურის მოდერნიზების კუთხით.
„როგორც იცით, სრულდება აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული მაგისტრალი, უკვე დავიწყეთ ანაკლიის პორტის მშენებლობა, გვაქვს თბილისის საერთაშორისო აეროპორტის განვითარების გეგმაც, და ეს ყველაფერი ხელს უწყობს სწორედ ჩვენი ქვეყნის სატრანსპორტო-ლოგისტიკური პოტენციალის მაქსიმალურად გამოყენებას“, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა.