ევროკავშირი გაყინული რუსული აქტივებიდან მიღებული შემოსავლის გაზრდას გეგმავს და ამისთვის ის ფულს უფრო მაღალი რისკის და ამონაგების მქონე აქტივებში გადატანას განიხილავს. თუმცა ეს გეგმა Euroclear-ში არ მოსწონთ, რომელიც ფინანსური აქტივების შემნახველი და ტრანზაქციების გამტარებელი მთავარი ევროპული უწყებაა.
მოგეხსენებათ, აქამდე რუსული აქტივები ძირითადად უსაფრთხო ადგილებში ინახებოდა - ცენტრალურ ბანკებში და მსგავს ინსტიტუტებში. ამ შემოსავლებით G7-ის წევრი ქვეყნები უკრაინისთვის 50 მილიარდი დოლარის სესხს გამოყოფდნენ.
ცხადია, ევროპის ცენტრალური ბანკის მიერ საპროცენტო განაკვეთების დაკლებით, აქტივებიდან მიღებული შემოსავლები მცირდება. ამიტომ ევროკომისია ფიქრობს, აქტივები უფრო მაღალი სარგებლის მქონე ინსტრუმენტებში გადაიტანოს.
Euroclear-ის შეფასებით, ეს ქმედება სისტემური რისკის ზრდას და რუსული აქტივების იძულებით ექსპროპრიაციას გამოიწვევს, რაც გეოპოლიტიკურ რისკს შეიცავს და მას უწყება რეკომენდაციას ვერ გაუწევს.




























