მომავალ წელს საქართველოში მაუწყებლობას ახალი არხი "ევრონიუს საქართველო" დაიწყებს.
"ევრონიუსსა" და "სილქნეტს" შორის ურთიერთშეთანხმების მემორანდუმს დღეს ხელი მოეწერა, რომელიც ფრენჩაიზინგის პროექტის, "ევრონიუს საქართველოს", დაფუძნებას ითვალისწინებს. ევრონიუსის ფრენჩაიზი სწორედ "სილქნეტმა" შეიძინა. შედეგად, ახალი მაუწყებელი ქართულენოვანი საინფორმაციო არხი და ციფრული პლატფორმა იქნება.
"ევრონიუს საქართველო" მოახდენს "ევრონიუსის" კონტენტის ტრანსლირებას ადგილობრივი, ქართული მედია-კონტენტის პარალელურად. კერძოდ, "ევრონიუს საქართველო" გამოიყენებს ევრონიუსის ევროპული რედაქციის მიერ შექმნილ კონტენტს, ისევე როგორც - ქართული ფრენჩაიზინგის მიერ დამზადებულ კონტენტს, რომელიც მედიის მხრიდან მზარდი დაინტერესების რეგიონში შეიქმნება.
როგორც მხარეები აღნიშნავენ, "ევრონიუსი" თავად უზრუნველყოფს სარედაქციო პოლიტიკის მკაცრ მიუკერძოებლობას, დანიშნავს არხის მთავარ რედაქტორს და დააკომპლექტებს და გააკონტროლებს სარედაქციო საბჭოს. სარედაქციო საბჭო სტრატეგიულ სარედაქციო მიმართულებებს განსაზღვრავს და სარედაქციო პოლიტიკის და დაბალანსებული მაუწყებლობის წესებს დაადგენს, რომელიც თანხვედრაში იქნება მედიის ფუნდამენტურ ფასეულობებთან.
ცნობისთვის: "ევრონიუსი" 1993 წელს საფრანგეთში, ქალაქ ლიონში დაარსდა და დაარსების დღიდან მსოფლიოს 160 ქვეყანაში 400 მილიონამდე ოჯახს აწვდის ინფორმაციას.
2017 წელს, "ევრონიუსმა" შეცვალა მაუწყებლობის მოდელი და დააარსა 12 ჯვარედინი სარედაქციო პლატფორმა, რითაც გახდა მსოფლიოს პირველი "გლობალურ-ლოკალური" საინფორმაციო ბრენდი. ამ სარედაქციო პლატფორმების მეშვეობით ევრონიუსი განსხვავებულ აუდიტორიას მათზე მორგებულ კონტენტს აწვდის.
30-ზე მეტი სხვადასხვა ეროვნების 500 ჟურნალისტისგან შემდგარი ევრონიუსის 12 რედაქციის გუნდი მსოფლიოს 24/7 რეჟიმში აწვდის ახალ ამბებს არაბულ, ინგლისურ, ფრანგულ, გერმანულ, ბერძნულ, უნგრულ, იტალიურ, სპარსულ, პორტუგალიურ, რუსულ, ესპანურ და თურქულ ენებზე.
2017 წლიდან ევრონიუსის პარტნიორი გახდა კომპანია NBC News, რომელმაც არხის 25%-იანი წილი შეიძინა და მნიშვნელოვანი ფინანსური ინვესტიცია განახორციელა, რაც ევრონიუსის მაუწყებლობის გაფართოებას და ახალი პროგრამების შექმნას ემსახურებოდა.

























