ეუთო/ოდირის განცხადებით, საქართველოში მიღებული ახალი კანონმდებლობა, "რომელიც ზღუდავს სამოქალაქო უფლებებს, პოლიტიკურ უფლებებსა და გამოხატვის თავისუფლებას, სერიოზულ შეშფოთებას იწვევს".
ეუთო-ს ადამიანის უფლებათა ოფისის (ODIHR) განცხადებაშია ნათქვამი, რომ „საქართველოში მიმდინარე საპროტესტო აქციებისა და დემოკრატიული და ადამიანის უფლებების გარემოს მდგომარეობის გაუარესების ფონზე, ოდირი ღრმა შეშფოთებას გამოთქვამს 4 მარტს მიღებული ახალი საკანონმდებლო ცვლილებების გამო.
ODIHR-ი წერს, რომ ეს ცვლილებები:
- სანქციებს უწესებს სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებსა და უცხოური დაფინანსების სხვა მიმღებთ,
- უკრძალავს მათ პოლიტიკურ პარტიებში გაწევრიანებას და საჯარო თანამდებობებზე კენჭისყრას,
- კიდევ უფრო ზღუდავს სამოქალაქო საზოგადოებისთვის საერთაშორისო ფინანსურ დახმარებას და
- კრიმინალიზაციას უწევს იმ საქმიანობას, რომელსაც მთავრობის „ლეგიტიმაციის არაღიარებად“ თვლიან.
„მკაცრი სისხლისსამართლებრივი სასჯელები, ისევე როგორც ფართოდ და ბუნდოვნად განსაზღვრული ტერმინები, როგორიცაა „მასობრივი დაუმორჩილებლობა“ ან „ექსტრემიზმი“, რომლებიც შესაძლოა სისხლის სამართლებრივი დევნის საფუძველი გახდეს, არ შეესაბამება კანონის უზენაესობის სტანდარტებს სამართლებრივი განსაზღვრულობის შესახებ და თვითნებურად აღსრულების რისკებს ქმნის. ნებისმიერი სახის უცხოური დაფინანსების კანონსაწინააღმდეგოდ გამოცხადება მთავრობის წინასწარი ნებართვის გარეშე, რაც ექვს წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს, არაპროპორციულ ზომას წარმოადგენს, რომელიც ძირს გამოუთხრის მთავრობის მიმართ კრიტიკულად განწყობილი სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების მუშაობას“, - ნათქვამია განცხადებაში.




























