მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ეუთო/ოდირში აცხადებენ, რომ პასკალ ალიზარდი მათი სახელით არ საუბრობს - ნეტგაზეთი

ეუთო

ეუთო/ოდირში აცხადებენ, რომ პასკალ ალიზარდი, რომელსაც „ქართული ოცნება“ და პროსახელისუფლებო მედია ეუთოს სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელად წარმოაჩენს, ოდირთან ასოცირებული არაა და მათი სახელით არ საუბრობს. თემაზე ვრცელ სტატიას ნეტგაზეთი აქვეყნებს.

რა ხდება?

2 დეკემბერს „ქართული ოცნების“ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ბრიფინგზე განაცხადა, რომ “ეუთოს სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელმა” წერილით მიმართა მაკა ბოჭორიშვილს და აღნიშნული წერილი მან ეუთო/ოდირის მხრიდან არჩევნების აღიარებად წარმოაჩინა.

„სასიხარულოა ის, რომ დღეს ეუთოს სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელმა ბატონმა პასკალ ალიზარდმა მიმართა საგარეო საქმეთა მინისტრს ქალბატონ მაკა ბოჭორიშვილს შემდეგი შინაარსის წერილით – საქართველოს ახალი მოწვევის პარლამენტის პირველი სესიის შემდეგ მოგმართავთ ჩვენს სამომავლო თანამშრომლობასთან დაკავშირებით. ძალიან მნიშვნელოვანია, რა თქმა უნდა, ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის მხრიდან და ეუთოს სადამკვირვებლო მისიის მხრიდან ამ არჩევნების სათანადოდ შეფასება და აღიარება… ეს წერილი არის კიდევ ერთი დასტური იმისა, რომ არჩევნები არის აღიარებული, არჩევნები ჩატარდა სათანადოდ და ყველა სპეკულაცია არის საფუძველს მოკლებული. მადლობა მინდა გადავუხადო მთლიანად ეუთო/ოდირს, ეუთოს სადამკვირვებლო მისიას, ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის მისიას, არჩევნებზე დაკვირვებისთვის და მათი ობიექტური შეფასებისთვის“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ 2 დეკემბერს.

ირაკლი კობახიძის ბრიფინგიდან მალევე პროსახელისუფლებო მედიებმა კოორდინირებულად გაავრცელეს მანიპულაცია, რომ პასკალ ალიზარდი ეუთოს სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელია.

სინამდვილეში, პასკალ ალიზარდი, რომელიც საფრანგეთის სენატისა და ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის წევრია, საქართველოს საპარლამენტო არჩევნებზე ეუთოს სპეციალური კოორდინატორი და მოკლევადიანი სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელი იყო. სწორედ ასე აწერს ის ხელს მაკა ბოჭორიშვილისთვის გამოგზავნილ წერილს.

რას ამბობს ეუთო?

მას შემდეგ, რაც „ქართულმა ოცნებამ“ სცადა, პასკალ ალიზარდი ეუთოს სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელად წარმოეჩინა, ხოლო მისი წერილი ეუთო/ოდირის მიერ არჩევნების აღიარების დასტურად, ნეტგაზეთი ეუთო/ოდირს დაუკავშირდა.

ნეტგაზეთისთვის გამოგზავნილ წერილში ოდირი ხაზგასმით აღნიშნავს, რომ პასკალ ალიზარდი არ არის დაკავშირებული ოდირთან (ეუთოს ფარგლებში მოქმედი დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისი, რომელსაც არჩევნების საკითხები და შეფასებები ეხება) და არც მათი სახელით საუბრობს.

„საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიის წინასწარი მიგნებები და დასკვნები გამოქვეყნდა ერთობლივ განცხადებაში, რომელზეც შეთანხმდნენ ოდირი და მისი ყველა პარტნიორი. თუმცა ბატონი პასკალ ალიზარდი არ არის დაკავშირებული ოდირთან და ის არანაირად არ საუბრობს ჩვენი სახელით.

წინასწარი მიგნებებსა და შეფასებაში, რომელიც გამოქვეყნდა 27 ოქტომბერს, ჩვენ ხაზი გავუსვით არაერთ სერიოზულ გამოწვევას როგორც წინასაარჩევნო პერიოდში, ასევე არჩევნების დღეს და ოდირი იზიარებს ამ შეშფოთებას.

საქართველოში 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებზე დაკვირვების შესახებ ოდირის საბოლოო ანგარიში გამოქვეყნდება მიმდინარე წლის ბოლომდე, რომელიც მოიცავს ჩვენს შეფასებას მთელ საარჩევნო პროცესზე, მათ შორის არჩევნების დღის შემდგომ განვითარებულ მოვლენებზე“, – აცხადებენ ეუთო/ოდირში ნეტგაზეთისთვის გამოგზავნილ წერილში..

გარდა ამისა ეუთო/ოდირში განმარტავენ, რა ფუნქციას ასრულებდა სპეციალური კოორდინატორის როლში პასკალ ალიზარდი. ამ განმარტებით, არჩევნებზე დაკვირვებისთვის საერთაშორისო მისიაში ოდირს უერთდებიან საპარლამენტო პარტნიორები რამდენიმე სხვადასხვა ასამბლეიდან, მათ შორის ეუთოს საპარლამენტო ასამბლეიდან. ამ დროს ეუთოს თავმჯდომარე ნიშნავს სპეციალურ კოორდინატორს ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაციიდან, რომელიც, როგორც წესი, თავის ქვეყანაში მოქმედი პოლიტიკოსია. ამ შემთხვევაში კი ასეთი პასკალ ალიზარდი აღმოჩნდა, საფრანგეთის სენატის მოქმედი წევრი.

„სპეციალური კოორდინატორის როლი გულისხმობს საარჩევნო შაბათ-კვირას კოორდინაციის გაწევას საპარლამენტო პარტნიორებთან და ოდირთან. საქართველოში ჩვენ შემოგვიერთდნენ ეუთოს საპარლამენტო ასამბლეა, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეა, ევროპარლამენტის და ნატოს საპარლამენტო ასამბლეები, რომლებმაც ჩამოაყალიბეს საერთაშორისო სადამკვირვებლო მისია, რომელმაც გამოაქვეყნა ერთობლივი განცხადება 27 ოქტომბერს.

ეუთოს საპარლამენტო დელეგაციის სპეციალური კოორდინატორი და ხელმძღვანელი, ისევე როგორც საპარლამენტო დელეგაციების სხვა ხელმძღვანელები, მჭიდროდ თანამშრომლობენ ოდირთან წინასწარი შეფასების საბოლოო ტექსტზე, მაგრამ ისინი არ არიან ოდირის ნაწილი და არ საუბრობენ მისი სახელით. სპეციალური კოორდინატორი არჩევნების შემდგომ პრესკონფერენციას წინასწარი შეფასების პირველი პუნქტის წარდგენით ხსნის“, – ნათქვამია ოდირის მიერ ნეტგაზეთისთვის გამოგზავნილ წერილში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები