საქართველოში სიტუაცია კვლავ უარესდება, ხელისუფლება სულ უფრო მეტად შორდება ევროპული ინტეგრაციის გზას, - ამის შესახებ ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუციაშია აღნიშნული, სადაც ასევე არის მოწოდება მთავრობის მიმართ, რომ სიტუაციის დეესკალაცია მოახდინოს.
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეამ „პორტოს დეკლარაცია და რეზოლუციები“ მიიღო, რომელიც საქართველოს შესახებ რეზოლუციასაც მოიცავს.
„რეზოლუცია საქართველოში დემოკრატიისა და ეუთოს ღირებულებების მხარდაჭერის შესახებ“ ასეთია:
1. ღრმა შეშფოთებას გამოთქვამს საქართველოში 2024 წლის 26 ოქტომბერს ჩატარებულ საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით, რომლის დროსაც ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის სადამკვირვებლო მისიამ საარჩევნო პროცესში მრავალი დარღვევა აღმოაჩინა.
2. შეშფოთებულია საარჩევნო პროცედურების დარღვევებით და ადმინისტრაციული რესურსების უპრეცედენტო მასშტაბით, რაც ძირს უთხრის საქართველოში არჩევნების პროცესისა და თავად შედეგების თავისუფლებისა და თანასწორობის პრინციპებს.
3. ვგმობთ ძალის არაპროპორციულ გამოყენებას მშვიდობიანი მომიტინგეების წინააღმდეგ, რომლებიც მტკიცედ იცავენ საქართველოს ევროპულ და დემოკრატიულ მომავალს.
4. შეშფოთებულია ჟურნალისტების, აქტივისტებისა და ოპოზიციური პოლიტიკოსების დაპატიმრებებითა და პოლიტიკურად მოტივირებული დევნის გამო.
5. იმედგაცრუებას გამოთქვამს იმის გამო, რომ საქართველოს ხელისუფლება ყველა შესაძლო საშუალებას იყენებს საკუთარი ძალაუფლების გასამყარებლად „უცხოელი აგენტების რეგისტრაციის“, „რადიოსა და ტელევიზიის“ და „გრანტების“ შესახებ ახალი კანონების მიღებით.
6. აღნიშნავენ, რომ საქართველოში სიტუაცია კვლავ უარესდება, ხელისუფლება სულ უფრო მეტად შორდება ევროპული ინტეგრაციის გზას.
7. ღრმად შეშფოთებულია ევროკავშირის საწინააღმდეგო რიტორიკის ზრდის გამო და მას სრულიად მიუღებლად მიიჩნევს.
8. უკიდურესად შეშფოთებულია, რომ რუსეთის ფედერაციასთან და ჩინეთთან კავშირების გამყარება შეშფოთებას იწვევს საქართველოს დეკლარირებული ევროპული მისწრაფებების კონტექსტში.
9. ეუთოს საპარლამენტო ასამბლეა მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას:
ა. სიტუაციის დეესკალაციისკენ და ეროვნულ დიალოგში ჩართვისკენ ყველა დაინტერესებულ მხარესთან, რათა მოიძებნოს გამოსავალი არსებული სიტუაციიდან და აღდგეს საზოგადოების ნდობა ქართული დემოკრატიის მიმართ.
ბ. პატივი სცეს შეკრების თავისუფლებისა და გამოხატვის თავისუფლებას და თავი შეიკავოს მშვიდობიანი მომიტინგეების, პოლიტიკოსებისა და მედიის წარმომადგენლების წინააღმდეგ ძალის გამოყენებისგან.
გ. დაუბრუნდეს ევროკავშირთან ინტეგრაციის გზას.
10. აგრძელებს ქართული საზოგადოების პროევროპული მისწრაფებების მხარდაჭერას, დემოკრატიული ღირებულებებისადმი მტკიცე ერთგულების დემონსტრირებით და საკუთარი ქვეყნის მომავლის ევროპაში დანახვით.
11. ადასტურებს თავის მხარდაჭერას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მიმართ მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში.
12. მოუწოდებს რუსეთის ფედერაციას, გააუქმოს საქართველოს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის რეგიონების დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარება, განახორციელოს ევროკავშირის შუამავლობით 2008 წელს მიღწეული ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება და შეწყვიტოს ამ რეგიონების მილიტარიზაცია და მათი საქართველოს დანარჩენი ნაწილისგან ძალის გამოყენებით გამოყოფის მცდელობები.



























