მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ეუთოს საპარლამენტო ასამბლეა საქართველოში მხარეებს თავშეკავებისა და ინკლუზიური დიალოგისკენ მოუწოდებს

ეუთო

ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის სპეციალურმა წარმომადგენელმა სამხრეთ კავკასიაში, ლუის გრასამ შეშფოთება გამოთქვა საქართველოში 4 ოქტომბრის თვითმმართველობის არჩევნების დროს და მის შემდეგ განვითარებული მოვლენების და მთავრობის გადაყენების მცდელობის ფონზე განვითარებული არეულობის გამო - ამის შესახებ განცხადებას OSCE PA ავრცელებს.

"ღრმად შეშფოთებული ვარ საქართველოში ადგილობრივი არჩევნების შემდეგ მზარდი დაძაბულობითა და ძალადობით“, - განაცხადა სპეციალურმა წარმომადგენელმა ლუის გრასამ, რითაც გაიმეორა ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისის (ODIHR) განცხადება, რომლითაც საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდეს, სრულად პატივი სცენ მშვიდობიანი შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლების უფლებებს და უზრუნველყონ სამოქალაქო საზოგადოების თავისუფლად და შიშის გარეშე ფუნქციონირება.

"ეუთოს საპარლამენტო ასამბლეა ხაზს უსვამს, რომ დემოკრატიული მმართველობა უნდა ეფუძნებოდეს კანონს, ანგარიშვალდებულებას და მშვიდობიან პოლიტიკურ დიალოგს. ამ მგრძნობიარე მომენტში, მოვუწოდებ ყველა დაინტერესებულ მხარეს, თავი შეიკავონ ძალადობის ნებისმიერი ფორმისგან და მოვუწოდებ ყველა პოლიტიკურ ძალას, აიღონ ვალდებულება, ლეგიტიმური პოლიტიკური პროცესებით იმუშაონ", - განაცხადა ლუის გრასამ.

სპეციალურმა წარმომადგენელმა გაიხსენა ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის მიერ 2025 წლის ივლისში მიღებული პორტოს დეკლარაცია, რომელშიც ასამბლეამ შეშფოთება გამოთქვა დემოკრატიული უკუსვლის, სამოქალაქო საზოგადოებისა და მედიის შეზღუდვების და საქართველოს ევროპული მისწრაფებების რეალური დემოკრატიული რეფორმების გზით დაცვის აუცილებლობაზე.

"ეუთოს საპარლამენტო ასამბლეა კვლავ ერთგული რჩება ყველა პოლიტიკური აქტორისა და სამოქალაქო საზოგადოების მხარდაჭერის, მათ მცდელობებში, განმუხტონ დაძაბულობა, გააძლიერონ დემოკრატიული ინსტიტუტები და საზოგადოების ნდობა აღადგინონ დიალოგისა და ეუთოს წინაშე არსებული ვალდებულებების შესრულების გზით", - თქვა გრასამ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები