ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა, პია კაუმამ საქართველოში ვიზიტი გადადო. ამის შესახებ მან განცხადება X-ზე გაავრცელა და დაწერა, რომ ვიზიტი გადადებულია მანამ, სანამ ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის ჩართულობა იქნება ყველაზე ეფექტური.
„მსჯელობისა და საფუძვლიანი განხილვის შემდეგ, გადავწყვიტე, საქართველოში ვიზიტი გადავდო იმ დრომდე, ვიდრე ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის ჩართულობა ყველაზე ეფექტური იქნება. ჩვენ კვლავ მზად ვართ, მოვუსმინოთ ყველა ხმას და დახმარება გავუწიოთ ეუთო/ოდირის საარჩევნო რეკომენდაციების განხორციელებაში“, – აცხადებს პია კაუმა.
პია კაუმას ვიზიტი თბილისში 8-10 იანვარს იგეგმებოდა.
პია კაუმას გადაწყვეტილება გააკრიტიკეს ლატვიელმა და ლიეტუველმა ევროპარლამენტარებმა რიჰარდს კოლსმა და რასა იუკნევიჩიენემ, გერმანიის პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ მიხაელ როთმა; ასევე ამერიკელმა კონგრესმენმა, აშშ-ის „ჰელსინკის კომისიის“ თავმჯდომარე ჯო უილსონმა.
ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტს ვიზიტის გადადებისკენ მოუწოდა ოთხმა ოპოზიციურმა გაერთიანებამაც, რომლებმაც 2024 წლის 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში 5%-იანი ბარიერი გადალახეს, მაგრამ მიუხედავად ამისა, მიიჩნევენ, რომ არჩევნები გაყალბდა.
ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტის, პია კაუმას ძალიან გონივრული გადაწყვეტილება საქართველოში ვიზიტის გადადების შესახებ, - ასე ეხმაურება საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტის, პია კაუმას გადაწყვეტილებას საქართველოში დაგეგმილი ვიზიტის გადადებასთან დაკავშირებით.