კომპანია Eventer.ge "ჯემ ფესტის" წინააღმდეგ სარჩელს ამზადებს. როგორც bm.ge-ს კომპანიაში განუცხადეს, ამ ეტაპზე იურისტებთან კონსულტაციები მიმდინარეობს და ფინანსური ზარალის ანაზღაურების მოთხოვნის გარდა, არ არის გამორიცხული, სარჩელი თაღლითობის ბრალდებითაც შეიტანონ.
"Gem Fest-ს ბილეთების რეალიზაციიდან მიღებული თანხები წინა კვირას უნდა დაებრუნებინა, ეს ვადა გვქონდა მიცემული, ფული არ დაუბრუნებიათ, ამიტომ იურიდიულ პროცედურას დავიწყებთ", - განაცხადეს კომპანიაში.
Eventer.ge "ჯემ ფესტისთვის" ბილეთების რეალიზაციას ახდენდა, შემოსულ თანხებს კი ფესტივალის ორგანიზატორი კომპანიის ანგარიშზე რიცხავა. ფესტივალი ჩაიშალა, ბილეთების მფლობელების ნაწილს კი თანხები უკან არ დაბრუნებიათ, მათ შორის, არცერთი ბილეთის საფასური არ დაბრუნებიათ იმ პირებს, ვინც ბილეთები Eventer-ის საშუალებით შეიძინა. Eventer.ge-ში არ აკონკრეტებენ, არც თანხის მოცულობას და არ მათ მიერ გაყიდული ბილეთების ოდენობას, თუმცა ამბობენ, რომ მოცულობა საკმაოდ დიდია.

























