ქართული, ხელნაკეთი კოსმეტიკური პროდუქციის მწარმოებელი კომპანია ,,ევოლი ორგანიქს“ გაფართოებას გეგმავს, ამის შესახებ Bm.ge-ს კომპანიის დამფუძნებელმა ევგენია ბელიავსკაიამ განუცხადა. კომპანია გასული წლის სექტემბერში ამოქმედდა და რამდენიმე დასახელების ნატურალურ საპონს ამზადებდა, ახლახანს კი შხაპის გელიც გამოუშვეს, რომელიც ქართულ ზეითუნის ზეთზე დაამზადეს. როგორც ევგენია განმარტავს, მათ პროდუქციაზე მოთხოვნა მინიმუმ 3-ჯერ გაიზარდა, ამიტომ ოჯახური წარმოების გაფართოებას გეგმავენ.
"ამ ბიზნესის დაწყება ერთგვარი საოჯახო ტრადიციის გაგრძელებაა. დედა ამზადებდა ნატურალურ კოსმეტიკას საკუთარი მოხმარებისთვის და მეც მასწავლიდა ამას. მამაც ძალიან იყო დაინტერესებული მცენარეების შესწავლით. ამ ყველაფერს მთელი ბავშვობა ვუყურებდი, ამიტომ ვცდილობდი ყოველთვის ნატურალური პროდუქცია შემეძინა, რომელიც მავნე ინგრედიენტებს არ შეიცავდა. ასეთი საშუალებების ყიდვა კი საკმაოდ პრობლემატურია, რადგან ბაზარზე დიდი არჩევანი არ არის. ამიტომ, გადავწყვიტე თავად დამემზადებინა, ჯერ პირადი მოხმარებისთვის, შემდეგ კი ეს იდეა ბიზნესში გადაიზარდა. ჩვენი ყველა პროდუქტი 100%-ით ნატურალურ ინგრედიენტზე მზადდება. უპირატესობას ქართულ ნედლეულს ვანიჭებთ, რაც აქ არ იშოვება, იმპორტით მხოლოდ ის შემოგვაქვს. ძირითადად ქართულ ზეითუნის ზეთს და ცვილს ვიყენებთ“ - განაცხადა ევგენია ბელიავსკაიამ.
კომპანია ,,ევოლი“ ამჟამად ათამდე დასახელების ნატურალურ საპონს, შხაპის გელს, ტანის კარაქს და ორი სახეობის ტუჩსაცხს ამზადებს, სამომავლოდ კი ჰიგიენური ხაზის სრული ასორტიმენტის წარმოებას გეგმავს.
,, ახლო მომავალში ვაპირებთ ტანის და სახის სკრაბის დამზადებას, ასევე დავამატებთ რამდენიმე სახეობის დუშგელს და საპონს, რათა სხვადასხვა აროტამები იყოს. ჩვენი ძირითადი მომხმარებლები ქალები არიან, თუმცა მამაკაცებიც ყიდულობენ“ - განაცხადა ევგენია ბელიავსკაიამ.
კომპანია ,,ევოლი“ პროდუქციას მაღაზიათა ქსელში ,,ქალთა ბედნიერება“ , ტურისტულ მაღაზიაში ,,ხურჯინი“ და ფეისბუქგვერდის საშუალებით ყიდის.