მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ევოლუშენი სრულად პარალიზებულია" - საპროტესტო აქცია დილის 6 საათიდან განახლდა

ევო

"ევოლუშენის" თანამშრომლების გაფიცვის პარალელურად, საპროტესტო - სოლიდარობის აქცია კომპანიის შენობასთან დღეს დილის 06:00 საათიდან განახლდა. BM.GE-სთან საუბარში გიორგი დიასამიძე ამბობს, რომ ამ დროისთვის, "ევოლუშენი" სრულად პარალიზებულია და არ მუშაობს, თუმცა სოლიდარობის აქცია/პროტესტი კანონის ნორმებს არ სცდება.

"სრულიად პარალიზებულია "ევოლუშენი", არ მუშაობს. არავინ გადააბიჯა სოლიდარობის ჯაჭვში მყოფ დასაქმებულებს, თავიანთ თანამშრომლებს, თუმცა მენეჯერები აშინებენ დასაქმებულებს, ძალისმიერი მეთოდებით ეუბნებიან, რომ შევიდნენ შენობაში, ალტერნატიულ შესასვლელებს სთავაზობენ, მაგრამ ხალხი არ შედის. ამიტომ ახლა ერთ შენობაში გააჩერეს და ეუბნებიან, რომ თუ არ შევლენ, ოფიციალურ საყვედურს გამოუცხადებენ. ძალიან დიდი ზეწოლის ქვეშ არიან ეს ადამიანები.

არავითარი კომუნიკაცია [მენეჯმენტის მხრიდან] არ ყოფილა, მხოლოდ მუქარა, მოიყვანეს დაცვის გაძლიერებული ჯგუფი, დაპირისპირება, სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა, პროვოკაცია, რომ როგორმე ეს აქცია მარგინალიზებული გახადონ, თუმცა ჩვენი პროტესტი კანონის ფარგლებშია", - ამბობს დიასამიძე.

გაფიცულ თანამშრომელთა მოთხოვნები 45 საკითხს, მათ შორის ხელფასების ზრდასა და შრომითი პირობების გაუმჯობესებას მოიცავს.

"მოთხოვნებია გაფიცვის დღეების ანაზღაურება, ხელფასების ზრდა, შრომითი პირობებისა და უსაფრთხოების გაუმჯობესება, ჯამში 45 საკითხია. რომ ამბობენ, რომ მენეჯერები გაათავისუფლეს, არ შეესაბამება სიმართლეს, მხოლოდ ნაწილი გაათავისუფლეს.

პროტესტი ამ ფორმით გაგრძელდება უვადოდ, სანამ არ დაკმაყოფილდება დასაქმებულთა მოთხოვნები. ევოლუშენი არ იმუშავებს არასდროს, სანამ დასაქმებულთა ხელფასები არ გაუმჯობესდება", - განაცხადა გიორგი დიასამიძემ.

"ევოლუშენის" თანამშრომელთა გაფიცვა სამი კვირის წინ დაიწყო. მათი მოთხოვნები ანაზღაურების ზრდა და შრომის ღირსეული პირობების შექმნაა. ისინი კომპანიას თანამშრომლების მიმართ არასათანადო მოპყრობაში ადანაშაულებენ. დავა კომპანიასა და მის თანამშრომლებს შორის მას შემდეგ გამწვავდა, რაც Evolution Georgia-ს მენეჯერების სამსახურებრივი მიმოწერები გავრცელდა, სადაც ისინი დასაქმებულებს დისკრიმინაციული ხასიათის შეურაცხყოფას აყენებენ. კომპანია აცხადებს, რომ მენეჯერები გათავისუფლდნენ დაკავებული თანამდებობიდან, თუმცა დიასამიძე ამბობს, რომ ეს სიმართლეს არ შეესაბამება და მათი მხოლოდ ნაწილია გათავისუფლებული.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები