შპს “ევოლუშენ ჯორჯიამ” 2022 წლის ფინანსური ანგარიში გაასაჯაროვა. დოკუმენტის თანახმად, კომპანიამ გასულ წელს საკუთარი შემოსავალი 27.3 მილიონი ლარით, 172.7 მილიონამდე გაზარდა. კომპანიის წმინდა მოგება, კი 1.5 მილიონი ლარით შემცირდა 12 მილიონი ლარი შეადგინა.
ანგარიშის თანახმად, ფირმამ მკვეთრად გაზარდა მასში დასაქმებულთა რაოდენობაც, 2021 წელს კომპანია 6 ათას ადამიანს ასაქმებდა და მათზე ხელფასებზე 93.6 მილიონი ლარი გასცა. 2022 წლის ბოლოს კი მასში დასაქმებულთა რაოდენობა 7.1 ათასამდე გაიზარდა, გაცემული ხელფასების მოცულობა კი 114.9 მილიონ ლარამდე გაიზარდა.
2022 წლისთვის კომპანია ლაივ ტრანსლაციას 597 მაგიდის მეშვეობით ახორციელებდა.
კომპანიის უშუალო მფლობელია Evolution Malta Holding Limited LLC, რომელიც თავის მხრივ, შვედური კომპანია Evolution Gaming Group AB-ს შემადგენლობაში შედის. კომპანიის აქციები სტოკჰოლმის ბირჟაზე ივაჭრება და მისი გლობალური შემოსავალი 2022 წელს 1.45 მილიარდი ევრო იყო.
“ჯგუფი ქმნის სრულად ინტეგრირებულ ლაივ კაზინო გადაწყვეტებს აზარტული თამაშების ოპერატორებისთვის, ახორციელებს მის მარკეტინგს და გასცემს ლიცენზიებს. ის მონაწილეობს მხოლოდ განვითარებასა და შექმნაში, თვითონ არ ახორციელებს აზარტული თამაშების ოპერირებას.
კაზინოს მომსახურებების ლაივ სტრიმინგი ხორციელდება კომპანიის მიერ იჯარით აღებულ უძრავ ქონებაზე აშენებული სტუდიების მეშვეობით. კერძოდ, კომპანიის მიერ დაქირავებული თამაშების წარმდგენლები თამაშების (“რულეტკა”, “ბლექჯეკი”, „პოკერი” და “ბაკარა”) პრეზენტაციას ახორციელებენ კომპანიის სტუდიებში დამონტაჟებული აზარტული თამაშების მოწყობილობის მეშვეობით, რომელიც ლაივ სტრიმინგით გადაიცემა Evolution Malta Ltd-ში,” - ნათქვამია კომპანიის ფინანსურ ანგარიშში.
ინფორმაციისთვის: Evolution Gaming-ის შვილობილი კომპანია საქართველოში 2018 წლიდან საქმიანობს. კომპანია საქართველოში არსებული სტუდიების მეშვეობით, უცხოურ, აზარტული თამაშების კომპანიებს ლაივ სტრიმინგის სერვისს სთავაზობს. "ევოლუშენი" საქართველოდან აზარტული თამაშების წაყვანას 13 ენაზე ახორციელებს. კომპანიის პირდაპირი ეთერით და თამაშებით მსოფლიოს სხვადასხვა ონლიან-კაზინო სარგებლობს.