„ევოლუშენ ჯორჯიას” თანამშრომლები კომპანიის წინააღმდეგ. დასაქმებულები 12 ივლისს სრულმასშტაბიან გაფიცვას გეგმავენ. მათი მოთხოვნები ანაზღაურების ზრდა და შრომის ღირსეული პირობების შექმნაა. ისინი კომპანიას თანამშრომლების მიმართ არასათანადო მოპყრობაში ადანაშაულებენ. დავა კომპანიასა და მის თანამშრომლებს შორის მას შემდეგ გამწვავდა, რაც „ევოლუშენ ჯორჯიას” მენეჯერების სამსახურებრივი მიმოწერები გავრცელდა, სადაც ისინი დასაქმებულებს დისკრიმინაციული ხასიათის შეურაცხყოფას აყენებენ.
აზარტული თამაშების სერვისების გლობალური მიმწოდებელი Evolution Gaming-ი საქართველოში ერთ-ერთი მსხვილი დამსაქმებელია. კომპანიის 2023 წლის ფინანსური ანგარიშის თანახმად, ჯგუფის მთლიანი შემოსავალი 1.8 მილიარდ ევროს, წმინდა მოგება კი 1.07 მილიარდ ევროს აღემატებოდა. Evolution-ი აზარტული თამაშების ონლაინ კომპანიებს ონლაინ კაზინოს სერვისს სთავაზობს, რაც მათ ვებგვერდებზე ლაივ კაზინოს ტექნიკურ უზრუნველყოფას და ადამიანური კაპიტალით უზრუნველყოფას გულისხმობს. Evolution-ის გასული წლის ანგარიშის თანახმად, ჯგუფს 17,763 დასაქმებული ჰყავს, საიდანაც ყველაზე მეტი 6,823 დასაქმებული კომპანიის ქართულ შვილობილში "ევოლუშენ ჯორჯიაში" მუშაობს.
სტუმარი: გიორგი დიასამიძე - პროფკავშირი "ლაბორის" თავმჯდომარე