Evolution Georgia, რომელიც თანამშრომლებთან შრომით დავაშია, საქართველოში საქმიანობის შეზღუდვას არ გამორიცხავს - ამის შესახებ კომპანიის მიერ დღეს გავრცელებული განცხადებიდან ირკვევა. კომპანია მიუთითებს, რომ თანამშრომელთა გაფიცვის და მათი კარების წინ კარვის გაშლის გამო, ოფისის შესასვლელი ბლოკირებულია და კომპანიის ოპერირება ამჟამად გაჩერებულია.
კომპანია ვითარების გართულების შემთხვევაში საქართველოში ოპერირების გაგრძელების საკითხის გადახედვასაც არ გამორიცხავს და მიუთითებს, რომ ეს ათასობით დასაქმებულის უმუშევრად დარჩენას გამოიწვევს.
"ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში, მიმდინარე გაფიცვის პირობებში, ევოლუშენმა მოახერხა ოპერირება შეფერხების გარეშე, თუმცა, ხუთშაბათს, 1-ელი აგვისტოდან, პროფკავშირმა მოახდინა კომპანიის შენობების შესასვლელების ბლოკირება და ათასობით დასაქმებულს წაართვა სამუშაოს შესრულების შესაძლებლობა.
ეს მოცემულობა ცვლის ევოლუშენ საქართველოს გამართულად ოპერირების შესაძლებლობას. შესაბამისად, თუ მოცემული მდგომარეობა არ შეიცვლება, კომპანია იძულებული იქნება, განახორციელოს საოპერაციო ცვლილებები, მათ შორის შრომითი ხელშეკრულებების შეწყვეტები, რათა შევზღუდოთ ჩვენი წარმომადგენლობა საქართველოში.
ჩვენ 6 წლის განმავლობაში ვანხორციელებდით ინვესტიციას საქართველოში, ვთავაზობდით პირველი სამსახურის შესაძლებლობას ახალგაზრდებს გამოცდილების გარეშე. თუმცა, ამჟამად მდგომარეობა სამწუხარო რეალობისკენ შეიცვალა, რაც გავლენას იქონიებს როგორც კომპანიაზე, ასევე, ევოლუშენის იმ ათასობით მოქმედ თანამშრომელზე, რომელსაც სურს მუშაობის გაგრძელება კომპანიაში,"- ნათქვამია კომპანიის განცხადებაში, რომელიც ოფიციალურ Facebook გვერდზე გამოქვეყნდა და რომელმაც მომხმარებელთა მხრიდან ძირითადად "ჰაჰა" ემოცია დაიმსახურა.
აზარტული თამაშების აუთსორს სერვისების მიმწოდებელი შვედური კომპანია Evolution Gaming-ი უკვე მეორე თვეა რაც დასაქმებულებთან შრომით დავაში არის ჩართული, კომპანიაში დასაქმებულები შრომითი პირობების გაუმჯობესებას და ანაზღაურებების ზრდას მოითხოვენ. კომპანია მთლიანობაში 7 ათასამდე ადამიანს ასაქმებს საქართველოში.
Evolution-ის 2023 წლის ანგარიშის თანახმად, ჯგუფს 17,763 დასაქმებული ჰყავს, საიდანაც ყველაზე მეტი 6,823 დასაქმებული კომპანიის ქართულ შვილობილში "ევოლუშენ ჯორჯიაში" მუშაობს. 2023 წელს ჯგუფის მთლიანი შემოსავალი 1.8 მილიარდ ევროს შეადგენდა, მისი წმინდა მოგება კი 1 მილიარდ ევროს აღემატებოდა.
ფინანსური ანგარიშის თანახმად, კომპანიის უშუალოდ ქართულმა შვილობილმა, "ევოლუშენ ჯორჯიამ" თანამშრომელთა ხელფასებზე გასულ წელს 133.7 მილიონი ლარი დახარჯა, რაც ერთ დასაქმებულზე წლიურად საშუალოდ 19,595 ლარს, თვეში 1633 ლარს ნიშნავს, ხოლო საშემოსავლო გადასახადის 20%-ის გარეშე 1,306 ლარია. შესაბამისად გასულ წელს კომპანიაში გაცემული საშუალო ყოველთვიური ხელფასი 1,300 ლარს შეადგენდა.
Evolution-ი აზარტული თამაშების ონლაინ კომპანიებს ონლაინ კაზინოს სერვისს სთავაზობს, რაც გულისხმობს მათ ვებგვერდებზე ლაივ კაზინოს ტექნიკურ უზრუნველყოფას და ადამიანური კაპიტალით უზრუნველყოფას. კომპანიას აქვს სტუდიები, საიდანაც მსოფლიოს სხვადასხვა კაზინოსთვის მრავალენოვანი კაზინოს სერვისის მიწოდება ხდება. შესაბამისად, Evolution-ი აზარტული თამაშების სექტორში ოპერირებს, მაგრამ თავად ის კაზინოს არ წარმოადგენს.
ქვეყნების მიხედვით, Evolution-ის დასაქმებულთა რიცხვი ასე ნაწილდება:
საქართველო - 6,823 დასაქმებული;
ლატვია - 3,151 დასაქმებული;
აშშ - 2,662 დასაქმებული;
მალტა - 1,391 დასაქმებული;
რუმინეთი - 850 დასაქმებული;
კანადა - 591 დასაქმებული;
ესპანეთი - 578 დასაქმებული;
სომხეთი - 442 დასაქმებული;
ბულგარეთი - 211 დასაქმებული;
შვედეთი - 173 დასაქმებული;
პოლონეთი - 119 დასაქმებული;
ტაივანი - 63 დასაქმებული.