"Evolution Georgia უცხოეთში შვედური ბიზნესის წარმატების მაგალითია"- ნათქვამია საქართველოში შვედეთის საელჩოს მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაში.
"ევოლუშენ ჯორჯია" საქართველოში Evolution Gaming-ის შვილობილია, რომელიც აზარტული თამაშების კომპანიებისთვის აუთსორს სერვისების მიწოდებით არის დაკავებული. "ევოლუშენ ჯორჯია" ქვეყანაში 7,000-მდე თანამშრომელს ასაქმებს, თუმცა 2024 წლის 12 ივლისიდან კომპანიის თანამშრომელთა ნაწილი გაიფიცა, კომპანიამ კი განაცხადა, რომ დასაქმებულებთან კომუნიკაციის გაუარესების და გაფიცვების გაგრძელების შემთხვევაში საქართველოში მათი ოპერაციების შეზღუდვას არ გამორიცხავენ.
"ევოლუშენ ჯორჯიაში" დასაქმებულებმა კომპანიას 44 მოთხოვნა წაუყენეს. ისინი შრომითი პირობების გაუმჯობესებასა და ხელფასების გაზრდას ითხოვენ.
კომპანია მოინახულა საქართველოში შვედეთის ელჩმა ანა ლიბერგმა, რომლის განცხადებითაც ის გაოცებული დარჩა კომპანიაში არსებული მრავალფეროვანი სამუშაო გარემოთი, კარიერული ზრდის შესაძლებლობებითა და გენდერული თანასწორობის მიმართ კომპანიის მოწოდებით, რაც ელჩის განცხადებით, შვედურ ღირებულებებს ასახავს.
Evolution-ის 2023 წლის ანგარიშის თანახმად, ჯგუფს 17,763 დასაქმებული ჰყავს, საიდანაც ყველაზე მეტი 6,823 დასაქმებული კომპანიის ქართულ შვილობილში "ევოლუშენ ჯორჯიაში" მუშაობს. 2023 წელს ჯგუფის მთლიანი შემოსავალი 1.8 მილიარდ ევროს შეადგენდა, მისი წმინდა მოგება კი 1 მილიარდ ევროს აღემატებოდა.
2024 წლის 9 აგვისტოს კომპანიამ გაავრცელა განცხადება, რომ საქართველოში მათი დასაქმებულების რაოდენობის 1,000-ით შემცირებას გეგმავენ.
ფინანსური ანგარიშის თანახმად, კომპანიის ქართულმა შვილობილმა, "ევოლუშენ ჯორჯიამ" თანამშრომელთა ხელფასებზე გასულ წელს 133.7 მილიონი ლარი დახარჯა, რაც ერთ დასაქმებულზე წლიურად საშუალოდ 19,595 ლარს, თვეში 1633 ლარს ნიშნავს, ხოლო საშემოსავლო გადასახადის 20%-ის გარეშე 1,306 ლარია. შესაბამისად გასულ წელს კომპანიაში გაცემული საშუალო ყოველთვიური ხელფასი 1,300 ლარს შეადგენდა.