მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ევრო 2024-ზე დასასწრებად მთავრობის მიერ  სუბსიდირებული ავიაბილეთების გაყიდვა ხვალ დაიწყება

ავიაბილეთი

24 მაისიდან ევრო 2024-ზე დასასწრებად საქართველოს მთავრობის მიერ ორგანიზებული სპეციალური ჩარტერული რეისებზე სუბსიდირებული ავიაბილეთების გაყიდვა დაიწყება.

ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, ავიაბილეთების შეძენა შესაძლებელი იქნება ონლაინ პორტალზე TKT.GE , 13:00 საათიდან.

აღსანიშნავია, რომ ბილეთის შეძენა სუბსიდირებულ ფასად მხოლოდ საქართველოს მოქალაქეებს შეეძლებათ.

ამასთან, მგზავრი ვალდებული იქნება აეროპორტში რეგისტრაციისას ფეხბურთის მატჩზე დასასწრები ბილეთი წარადგინოს, წინააღმდეგ შემთხვევაში, ავიაბილეთის სრული და არა სუბსიდირებული ფასის გადახდა მოუწევს. მგზავრი ბილეთს ელექტრონული ფოსტით მიიღებს. ის ვალდებულია, გამოცხადდეს სარეგისტრაციოდ შესაბამის აეროპორტში გაფრენამდე 3 საათით ადრე.

ქართული ფეხბურთის გულშემატკივრებს შესაძლებლობა ექნებათ, სუბსიდირებული ავიაბილეთებით თბილისისა და ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტებიდან გერმანიის ოთხი ქალაქის - დორტმუნდის, ჰამბურგის, კელნისა და დიუსელდორფის მიმართულებით მთავრობის სუბსიდირებული ჩარტერებით გაემგზავრონ.

განისაზღვრა იმ ავიაკომპანიების სია, რომლებიც ევრო - 2024-ზე სუბსიდირებულ ჩარტერულ ფრენებს შეასრულებენ:, Eurowings, Wizz Air, Hi Sky და Georgian Wings. ყველა სუბსიდირებული რეისი საქართველოს ეროვნული ნაკრების მატჩების განრიგზე იქნება მორგებული.

აეროპორტების გაერთიანების ინფორმაციით, ავიაკომპანიები რეისებს შემდეგი განრიგით შეასრულებენ:

თბილისი-კიოლნი: 16, 17, 23, 24, 26 ივნისი
კიოლნი-თბილისი: 19, 20, 26, 27, 30 ივნისი
თბილისი-დიუსელდორფი: 16, 23 ივნისი
დიუსელდორფი-თბილისი: 20, 27 ივნისი
თბილისი-ჰამბურგი: 19, 20 ივნისი
ჰამბურგი-თბილისი: 23, 24 ივნისი

ჯამში თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან 3 ავიაკომპანია 23 ჩარტერულ ფრენას განახორციელებს, ხოლო ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან ავიაკომპანია Wizz Air EURO 2024-ის მატჩებზე მორგებულ დამატებით 12 რეისს შეასრულებს.

როგორც ეკონომიკის სამინისტროში აცხადებენ, ქომაგებს ექნებათ შესაძლებლობა თავად ააწყონ სამოგზაურო განრიგი და შესაბამისად დაესწრონ ერთ, ორს ან სამივე მატჩს.

აღსანიშნავია, რომ პორტალზე მითითებული იქნება ოპტიმალური მიმართულება გერმანიის კონკრეტული აეროპორტიდან საფეხბურთო მატჩის მასპინძელ ქალაქში მოსახვედრად. ევრო 2024-ის 3,000-მდე ქომაგი საქართველოს მთავრობის მიერ ორგანიზებული სპეციალური ჩარტერებით ისარგებლებს და ავიაბილეთის ყიდვას სპეციალური, სუბსიდირებული ფასით შეძლებს.

სუბსიდირებული, ცალმხრივი ავიაბილეთის ღირებულება იქნება EUR 195. შესაბამისად, ორმხრივი ავიაბილეთის ღირებულება შეადგენს EUR 390-ს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები