ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის (EPRC) მკვლევარის, ზაზა შენგელიას განცხადებით, საქართველოსთვის სწრაფი ეკონომიკური განვითარებისა და მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტების წარმატებით რეალიზების უმთავრესი წინაპირობა ევროკავშირში ინტეგრაციაა - ამის შესახებ მან "ანალიტიკას" ეთერში ისაუბრა.
მკვლევარი მიიჩნევს, რომ დასავლური ორიენტაციის გარეშე ქვეყანა ვერ შეძლებს გახდეს უფრო მიმზიდველი და ძლიერი ეკონომიკური აქტორი საერთაშორისო ასპარეზზე.
ზაზა შენგელიას თქმით, "დასწავლილი უმწეობა" არის ერთ-ერთი ყველაზე დიდი პრობლემა დღევანდელ საზოგადოებაში, რომლის გასაღვივებლადაც დიდი რესურსი იხარჯება. მან ხაზი გაუსვა, რომ ეკონომიკური განვითარება პირდაპირ კავშირშია ქვეყანაში და მის გარშემო არსებულ პოლიტიკურ ვითარებასთან.
"ეკონომიკა ვაკუუმში არ არსებობს. მასზე უდიდესი გავლენა აქვს იმ პოლიტიკურ სიტუაციას, რომელიც როგორც ქვეყნის შიგნით, ისე ჩვენს გარშემოა", - აღნიშნა შენგელიამ.
მკვლევარმა ყურადღება აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების მაგალითზე გაამახვილა და აღნიშნა, რომ ევროკავშირში გაწევრიანება ინდუსტრიალიზაციისა და სწრაფი განვითარების ყველაზე მოკლე გზაა. მან მაგალითად პოლონეთი, რუმინეთი და ბულგარეთი მოიყვანა, რომელთა ეკონომიკური ზრდაც ევროინტეგრაციის შემდეგ შეუფასებელია.
"ჩვენთვის უდიდესი წინააღმდეგობა ქვეყნის ეკონომიკური განვითარებისთვის არის ის პოლიტიკური მარცხი, რომელიც განგვაცდევინა ამჟამინდელმა ხელისუფლებამ. მათ ევროკავშირში ინტეგრაციის ის იშვიათი და მოულოდნელი შესაძლებლობა, რომელიც უკრაინელი ხალხის გმირობის დამსახურებით მოგვეცა, სამწუხაროდ, ხელიდან გაუშვეს. რაც დრო გადის, ამ მიმართულებით დინამიკა სულ უფრო უარყოფითი ხდება", - ამბობს ის.
განმარტებით, მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტები მრავალმილიარდიან და გრძელვადიან ინვესტიციებს მოითხოვს, რისთვისაც აუცილებელია პოლიტიკური სტაბილურობა და პროგნოზირებადობა.
"რაც შეეხება ინფრასტრუქტურულ პროექტებს, აქაც სიტუაცია სტატიკური არ არის - რეგიონში ძალიან დინამიკური პროცესები ვითარდება. სამწუხაროდ, ჩვენ, როგორც ქვეყანამ, დიდი ხნის განმავლობაში დავიჯერეთ, რომ ობიექტური, უცვლელი გეოგრაფიული გარემოებების გამო გვქონდა იმის ფუფუნება, არაფერი გაგვეკეთებინა ამ პროექტების საქართველოში საბოლოოდ დასამკვიდრებლად. თუმცა, რეგიონში - განსაკუთრებით კი სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის მიმდინარე პროექტების კონტექსტში - ნათლად დავინახეთ, თუ რამდენად მყიფეა ეს „უპირატესობა“, რომელიც დიდი ხნის განმავლობაში შეურყევლად მიგვაჩნდა.
ამიტომ, ამ საკითხს განსაკუთრებული ყურადღება სჭირდება. გარდა თავად ინფრასტრუქტურული განვითარებისა, სადაც აშკარად მოვიკოჭლებთ - რასაც შესაბამისი განვითარების ინდექსიც წლებია ადასტურებს, - აქაც უმნიშვნელოვანესია პოლიტიკური კონტექსტი. მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტები საჭიროებს მრავალმილიარდიან, გრძელვადიან ინვესტიციებს, ამას კი პოლიტიკური სტაბილურობა და განჭვრეტადობა სჭირდება. სწორედ ეს ქმნის გარემოს იმ კაპიტალის მოსაზიდად, რომლისთვისაც დღეს მსოფლიოში საკმაოდ მწვავე კონკურენცია და დიდი ბრძოლა მიმდინარეობს. შესაბამისად, იმ მოცემულობით, რომლითაც ჩვენ დღეს ამ პროცესებს ვხვდებით, გრანდიოზული შედეგების იმედი არავის არ უნდა ჰქონდეს", - ამბობს ის.
მკვლევარმა ასევე ისაუბრა იმაზე, თუ რა განსხვავებაა საქართველოს, როგორც ევროკავშირთან დაახლოებულ, გადაწყვეტილების მიმღებ სუბიექტსა და უბრალო სატრანზიტო "მესამე ქვეყანას" შორის.
"ევროკავშირს აქვს მწვანე ენერგიის დეფიციტი და ამ მხრივ საქართველოსთვის ძალიან პერსპექტიული ბაზარია. თუმცა, შეუძლებელია, საქართველო დასავლური და ევროინტეგრაციის მიღმა უფრო საინტერესო, მიმზიდველი ან ძლიერი ეკონომიკის მქონე ქვეყანა იყოს, ვიდრე ამ ინტეგრაციის შემთხვევაში", - განაცხადა ზაზა შენგელიამ.
მისი თქმით, დასავლური ინტეგრაციის გზაზე მყოფი ქვეყნისთვის სულ სხვა შესაძლებლობები იხსნება, მათ შორის ენერგეტიკის მიმართულებით, სადაც საქართველოს გამოუყენებელი ჰიდრორესურსების დიდი პოტენციალი აქვს.




























