აბრეშუმის სახელმწიფო მუზეუმის გუნდი ქვეყანაში განვითარებულ მოვლენებს ეხმიანება. განცხადებაში აღნიშნულია, რომ მუზეუმი საზოგადოებისა და პროგრესული მომავლის სამსახურშია და მიიჩნევს, რომ ევროატლანტიკური კურსიდან გადახვევა ქვეყნის განვითარებას გამოუსწორებელ ზიანს მიაყენებს.
"გვსურს აბრეშუმის სახელმწიფო მუზეუმის გუნდის სახელით გამოვეხმაუროთ ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს.
მუზეუმი თავისი არსით საზოგადოების სამსახურში მყოფი ინსტიტუციაა და ჩვენი მუზეუმიც ყოველთვის ღიაა ნებისმიერი შეხედულების მქონე დამთვალიერებლისთვის, თუმცა თავს ვალდებულად ვთვლით დავაფიქსიროთ ჩვენი გუნდის ერთსულოვანი პოზიცია:
აბრეშუმის სახელმწიფო მუზეუმი (კავკასიის მეაბრეშუმეობის სადგური), შექმნილი ევროპული მეაბრეშუმეობის სადგურების მაგალითზე, საქართველოში ერთერთი უძველესი მუზეუმია, რომელიც 1887 წელს რუსეთის იმპერიის პერიოდში დაარსდა.
მუზეუმის თანამედროვე საქმიანობა ეფუძნება რუსული იმპერიული წარსულის კრიტიკულ გადააზრებას. წლების განმავლობაში მუზეუმში არაერთი საერთაშორისო პროექტი განხორციელდა, მათ შორის 2020-2024 წლებში მუზეუმის რეაბილიტაციისა და მუზეოგრაფიის პროექტის მთავარი ხელშემწყობი იყო ფრანკოფონი მერების საერთაშორისო ასოციაცია - AIMF.
მუზეუმი, აგრეთვე, ჰორიზონტი ევროპის პროექტის “ARACNE” პარტნიორია, რომელიც ევროპული აბრეშუმის გზის კვლევასა და გადააზრებას შეეხება.
აბრეშუმის მუზეუმი ცოდნის გაზიარების აქტიურ პლატფორმად სწორედ საერთაშორისო თანამშრომლობების აქტიური ხელშეწყობით ჩამოყალიბდა.
დღეს, ქვეყანაში შექმნილი კრიტიკული ვითარებიდან გამომდინარე, მუზეუმის გუნდი გამოხატავს სოლიდარობას თავისი კოლეგებისა და თანამოქალაქეების მიმართ. მიგვაჩნია, რომ მიუღებელია ძალადობრივი ქმედებებით ქართული საზოგადოების დიდი ნაწილის საყოველთაო პროგრესული მისწრაფების უგულებელყოფა.
ღრმად გვწამს, რომ საქართველოს ევროატლანტიკური კურსიდან გადახვევა, კულტურულ მემკვიდრეობას, ახალგაზრდა თაობას, სამუზეუმო სფეროსა და მთლიანად ჩვენი ქვეყნის განვითარებას გამოუსწორებელ ზიანს მიაყენებს.
ქართულ საზოგადოებას ვუსურვებთ აბრეშუმის სიმტკიცეს დამოუკიდებელი სახელმწიფოებრიობის, ევროპულ-ქართული ფასეულობების დაცვისა და პროგრესული მომავლის შენების გზაზე.
აბრეშუმის სახელმწიფო მუზეუმი საზოგადოებისა და პროგრესული მომავლის სამსახურშია!",- აღნიშნულია განცხადებაში.


























