მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ევრობანკი და ევროკავშირი საქართველოს ბანკთან ერთად SME სექტორისთვის საკრედიტო ხაზს გამოყოფს

57e29611e4e69
ელენე კვანჭილაშვილი
21.09.16 17:32
1949
მცირე და საშუალო ბიზნესი ევრობანკის, ევროკავშირისა და მათი ადგილობრივი პარტნიორის - საქართველოს ბანკის მეშვეობით ახალ საკრედიტო ხაზს მიიღებს. კრედიტების გაცემა მოხდება ადგილობრივ ვალუტაში; ვადიანობა განსაზღვრულია 5 წლამდე, ხოლო შეღავათიანი პერიოდი - 2 წელი იქნება; ინვესტიციის 15% ბენეფიციარ კომპანიებს უკან დაუბრუნდებათ; პირველი სესხის რისკის დაზღვევა საკრედიტო პორტფელის ჯამური ოდენობის თითქმის 10%-ზე მოხდება; საერთაშორისო ექსპერტების მიერ განხორციელდება უფასო ტექნიკური დახმარება და შესაძლებელი იქნება ახალ ტექნოლოგიებსა და აპარატურა-დანადგარებში კაპიტალდაბანდების ხელშეწყობა. ევრობანკი ამ შემთხვევაში, მცირე და საშუალო ბიზნესის ევროპული განმარტებით იხელმძღვანელებს.

უფრო დეტალურად, ვის შეუძლია მონაწილეობის მიღება ახალ ინიციატივაში - ამას "ბიზნესკონტრაქტის" ექსკლუზიური ინტერვიუდან შეიტყობთ. "ბიზნესკონტრაქტის" შეკითხვებს პროგრამის EU4BUSINESS-EBRD Credit Line-ის მენეჯერ მასიმო ბიანკი პასუხობს. 

- ბატონო ბიანკი, დიდი მადლობა, რომ პასუხობთ ბიზნესკონტრაქტის კითხვებს. რა არის დღეს თქვენი მთავარი სათქმელი ბიზნესსაზოგადოებისთვის?

- დაფინანსების ახალ მექანიზმს ვიწყებთ, რომელსაც ევროკავშირი და ევრობანკი დანერგვენ. ეს არის საკრედიტო ხაზი, რომელიც ამავდროულად მოიცავს საგრანტო კომპონენტსაც. ამ პროგრამის მიზანია, დაეხმაროს მცირე და საშუალო ბიზნესს უკეთ და უფრო ადვილად აითვისონ საერთაშორისო ბაზრები და რაც მთავარია, ევროპის ბაზარი. ამდენად, ეს პროგრამა ლოგიკურად აგრძელებს იმ გზას, რაც საქართველოს ბიზნესსაზოგადოებისთვის დისიეფტიეის ხელმოწერის შემდეგ დაიწყო.

- უფრო დეტალურად, რა ტიპის ბიზნესს შეუძლია ჩაერთოს ამ პროგრამაში?

- თითქმის ყველა ტიპის ბიზნესს. პრიორიტეტს წარმოების სექტორს ვანიჭებთ. ჩვენი მოლოდინია, რომ ეს სექტორი სავარაუდოდ მთელი პროგრამის 40-70% დაიკავებს. ეს მოლოდინები ეფუძნება იმ გამოცდილებას, რაც ევროკავშირს, იბიარდის და პირადად მეც ბალკანეთის ქვეყნებში გვქონდა. თუმცა, ბუნებრივია, სხვა სექტორებისთვისაც ღიაა ეს პროგრამა.

- რა პროცედურების გავლა დასჭირდება ბიზნესს, რომ რეალურად ისარგებლოს ამ შესაძლებლობით?
პროცედურები რთული არ იქნება. დღეს ჩვენი პარტნიორია საქართველოს ბანკი, რომელიც დავატრენინგეთ და თანამშრომლებმა უკვე იციან, როგორ გამოიყენონ ჩვენს მიერ შექმნილი სააპლიკაციო ფორმები. ასეთი სულ სამია. ორი მათგანი მცირე პროექტებისთვის - ტექნოლოგიები და სურსათის უვნებლობა. მესამე კი - კონკურენტუნარიანობის ხაზია. ამ მხრივ ჩვენი მოლოდინები ყველაზე მაღალია. ტექნოლოგიების შემთხვევაში მთლიანად საქართველოს ბანკი მართავს პროცესს, სურსათის უვნებლობის შემთხვევაში - კომპანია გარკვეულ სტანდარტებს უნდა აკმაყოფილებდეს, კონკურენტუნარიანობას კი ჩვენ შევაფასებთ კონკრეტულ კვლევებზე დაყრდნობით. პროცედურების ხანგრძლივობას რაც შეეხება, 3 დღემდე იქნება საჭირო პირველ შემთხვევაში, ერთ კვირამდე - მეორეში და 3 კვირამდე - მესამეში.

- ფიქრობთ თუ არა, რომ სხვა ბანკებიც ჩართოთ პროცესში?

- იბიარდი ფიქრობს ამაზე. ამისთვის ბიუჯეტი ჯერ კიდევ არსებობს. ხაზის მთლიანი ღირებულება 80 მილიონია. საქართველოს ბანკი აქედან მართავს 50 მილიონს. დარჩენილია 30 მილიონი - ოღონდ არა მხოლოდ საქართველოსთვის, არამედ სხვა ქვეყნებისთვისაც.

- როდესაც მცირე და საშუალო ბიზნესზე ვსაუბრობთ, ევროპულ განმარტებას ვგულისხმობთ თუ ქართულს?

ევროპულს. კომპანიას უნდა ჰყავდეს მაქსიმუმ 250 დასაქმებული, წლიური ბრუნვა უნდა იყოს 50 მილიონი ან კომპანია უნდა ფლობდეს 43 მილიონის ღირებულების აქტივებს - ამდენად, საქართველოსთვის ეს უფრო საშუალო და მსხვილი ბიზნესი გამოდის, ვიდრე მცირე.

- რამდენ ხანს გრძელდება ეს ინიციატივა და რა შემთხვევაში ჩათვლით, რომ ის წარმატებული იყო?

ჩვენთვის, როგორც ტექნიკური კონსულტანტისთვის, მთავარია დავინახოთ პირველი ინვესტიციები და ვადებში ჩავტიოთ ყველა კონკრეტული პროექტი. ინვესტირებას როგორც წესი 6 თვიდან 1 წლამდე სჭირდება, პროექტის სირთულის გათვალისწინებით. პროექტი დასრულებისკენ როგორცკი წავა, ჩვენ სხვა კონსულტანტი ჩაგვენაცვლება, რომელიც შეაფასებს, რამდენად შეესაბამება პროექტი თავდაპირველად დამტკიცებულ საინვესტიციო გეგმას. აქვე უნდა დავამატო, რომ ბიზნესის ჩართულობის მოტივაციას ზრდის საგრანტო კომპონენტიც - რაც იმას ნიშნავს, რომ ბიზნესს პრაქტიკულად 15%-იანი ფასდაკლება აქვს ინვესტიციაზე.

- კონკურენტულობის კომპონენტზე მინდა გავამახვილოთ ყურადღება, რადგან დისიეფტიეს მიერ გახსნილი შესაძლებლობების ათვისება ბიზნესს ჯერ კიდევ უჭირს...

- გარდამავალი პროცესია ამის მიზეზი. დირექტივები ზოგადი კანონებია, რომლებიც ადგილობრივ კანონმდებლობაში უნდა აისახოს. ეს მიდგომები ზრდის კომპანიის კონკურენტულობას არა მხოლოდ ევროპის ბაზარზე, არამედ- ზოგადად, ნებისმიერ ბაზარზე.
ამდენად, გამოდის, რომ ამ ინიციატივით თქვენ ეხმარებით ბიზნესს დანერგოს აუცილებელი რეგულაციები
ნამდვილად. და ეს მნიშვნელოვანია, რადგან ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერის შემდეგ საბაჟო ბარიერები უქმდება, თუმცა ტექნიკური ბარიერები რჩება. მათ შორის, პროდუქტის ხარისხი, წარმოშობა და ა.შ.

- ანუ ფიქრობთ, რომ სოფლის მეურნეობის კომპანიები იქნებიან ამ ინიციატივის ყველაზე ხშირი ბენეფიციარები?

- დიახ. ბალკანეთის გამოცდილებაც ამას აჩვენებს. იქ თითქმის 40% ამ ტიპის კომპანიებზე მოდიოდა.

კონსულტაციებითაც დაეხმარით დაინტერესებულ კომპანიებს, თუ ისინი უკვე უნდა აკმაყოფილებდნენ სტანდარტს?
- HACCP-ის სტანდარტი აუცილებელი იქნება.

- ანუ მათ თავად უნდა იზრუნონ ამაზე...

- დიახ. მხოლოდ ამ შემთხვევაში შეძლებენ ევროპაში ექსპორტს.

- და როგორც მივხვდი საკრედიტო ხაზით სარგებლობასაც.

- დიახ. ამ მხრივ სინერგიაა იბიარდის კიდევ ერთ პროექტთან, რომელიც მეწარმეებს ზუსტად ამ სტანდარტის დანერგვაში ეხმარება.

- კიდევ რა სექტორები შეიძლება დაინტერესდნენ თქვენი აზრით ამ საკრედიტო ხაზით?

რთულია ამის თქმა. სხვა ქვეყნების გამოცდილებით, ტრანსპორტის სექტორი ლიდერობს, თუმცა ეს საქართველოს შემთხვევაში ნაკლებსავარაუდოა. საქართველოს შემთხვევაში, ტექსტილის სექტორზე ვფიქრობთ.

- და ბოლოს, თქვენი რეკომენდაციები ბიზნესს, ვისაც სურს მონაწილეობა მიიღოს ამ ინიციატივაში.

მიიღონ მაქსიმალურად დეტალური ინფორმაცია, ეწვიონ ჩვენს ვებგვერდს და მიმართონ საქართველოს ბანკს ყველა რეგიონში.

- და უყურონ ბიზნესკონტრაქტს. მადლობა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები