ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალი განცხადებას ავრცელებს და აღნიშნავს, რომ კონსტიტუციისა და ევროკავშირში ინტეგრაციის კურსის ღალატის ნებისმიერ მცდელობას ემიჯნება.
ამ შინაარსის საჯარო განცხადებას 1 დეკემბრის 10:00 საათისთვის ხელს აწერს პერსონალის 186 წარმომადგენელი.
„კატეგორიულად ვემიჯნებით საქართველოს კონსტიტუციისა და ევროკავშირში ინტეგრაციის კურსის ღალატის ნებისმიერ მცდელობას.
ვგმობთ სამართლიანი და მშვიდობიანი პროტესტის ძალისმიერი ჩახშობის ყველა გამოვლინებას.
მოვუწოდებთ თსუ-ის აკადემიურ საბჭოს, გააკეთოს შესაბამისი განცხადება”, – ნათქვამია განცხადებაში.
საქართველოში, საპროტესტო გამოსვლები 28 ნოემბრიდან დაიწყო, მას შემდეგ, რაც „ოცნების" ხელისუფლებამ გადაწყვიტა 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დააყენოს ევროკავშირთან მის წევრობაზე მოლაპარაკების გახსნის საკითხი და 2028 წლის ბოლომდე უარი თქვას ევროკავშირის საბიუჯეტო გრანტებზე. ამასთან, „ქართული ოცნების" მთავრობა ირწმუნება, რომ მიზნად რჩება 2030 წლისთვის ევროკავშირში საქართველოს შესვლა.