ბრიუსელში გამართული სამიტის შემდეგ ევროკავშირი და დიდი ბრიტანეთი ურთიერთობების გადატვირთვაზე შეთანხმდნენ.
მოლაპარაკებების დაწყებამდე პრემიერმა ენდი ბერნემმა ევროკომისიის პრეზიდენტ ურსულა ფონ დერ ლაიენსა და ევროპული საბჭოს პრეზიდენტ ანტონიუ კოშტას განუცხადა, რომ ეს შეთანხმება სარგებელს მოუტანს როგორც ბრიტანეთის, ისე ევროკავშირის ქვეყნების მოსახლეობას.
შეთანხმება სამ ძირითად მიმართულებას მოიცავს: ახალგაზრდული მობილობის პროგრამა 100,000 ევროპელს - დიდ ბრიტანეთში, ხოლო ამავე რაოდენობის ბრიტანელს ევროკავშირში ცხოვრებისა და მუშაობის უფლებას სამ წლამდე ვადით მისცემს.
მეორე მიმართულება სანიტარულ და ფიტოსანიტარულ შეთანხმებას ეხება, რომელიც მხარეებს შორის ცხოველების, მცენარეებისა და შესაბამისი პროდუქციის გადაადგილებაზე კონტროლს შეამცირებს. წინასწარი შეფასებით, ეს ზომა ბრიტანეთის ეკონომიკას £5.1 მილიარდის ($6.7 მლრდ.) სარგებელს მოუტანს.
რაც შეეხება მესამე შეთანხმებას, ის ვაჭრობის სისტემების დაკავშირებას ითვალისწინებს, რის შედეგადაც ბრიტანული და ევროპული პროდუქცია, მათ შორის ფოლადი, ნახშირბადის სასაზღვრო გადასახადებისგან გათავისუფლდება.
ენდი ბერნემის შეფასებით, ეს შეთანხმებები დიდი ბრიტანეთის ეკონომიკას 0.5%-ით გაზრდის.
ბრიტანეთის მთავრობის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ მოლაპარაკებები დასრულებულია და ახლა ორივე მხარე შეთანხმებების იმპლემენტაციაზე იმუშავებს. მისივე თქმით, შესაბამისი სამართლებრივი პროცედურები მალე დაიწყება, ცალკეულ საკითხებზე მოლაპარაკებები კი კვლავ გაგრძელდება.
























