მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ევროკავშირი ეკოლოგიური ტრანსპორტის გასავითარებლად მილიარდ ევროს გამოყოფს

5a3f74768118f
BM.GE
24.12.17 15:00
1589
ევროკავშირი უსაფრთხო ეკო-ტრანსპორტზე აკეთებს აქცენტს, რადგან ეს მისი გეგმების ერთ-ერთ პრიორიტეტია. ევროპის ქვეყნების უმრავლესობა მთლიანად ალტერნატიულ, განახლებად, "მომავლის საწვავზე" გადასვლას გეგმავს.

ევროკომისია 1 მილიარდი ევროს ღირებულების 39 სატრანსპორტო პროექტის განხორციელებას განიხილავს. მათი განმარტებით, აღნიშნული პროექტები გარემოსდაცვითი ხასიათისაა და მათი განხორციელებით ევროკავშირის ტრანსპორტი უფრო ეკოლოგიური გახდება.

პროექტების უმრავლესობა ევროკავშირში რკინიგზის ქსელის განვითარებას ეხება. სარკინიგზო ტრანსპორტი უფრო მაღალ სიჩქარეებს მოერგება. პირველ რიგში რკინიგზის მოდერნიზება სლოვენიაში იგეგმება.

პროექტების მეორე ჯგუფი მიწისზედა ტრანსპორტის განვითარებას უკავშირდება, რაც გზების ინფრასტრუქტურას და ავტომობილების ეკო-საწვავზე გადასვლას გულისხმობს. მაგალითად, ცოტა ხანში ევროკავშირის 13 ქვეყანაში ელექტრო ავტომობილების დასამუხტი სადგურების 340 ქსელის გახსნა იგეგმება, - წერს euro-pulse.

დაგეგმილი პროექტების მესამე ჯგუფიც მნიშვნელოვანია და წყლის ტრანსპორტის განვითარებას გულისხმობს, მათ შორის, ბელგიაში ალბერტის არხის გაფართოებასა და პოლონეთში გდანსკის პორტის მოდერნიზაციას.

არსებული ინფორმაციით, აღნიშნული 39 პროექტი, რომელსაც ევროკავშირმა უნდა დაუჭიროს მხარი, 68 განაცხადიდან არის შერჩეული. პირველი პროექტების ჩაშვება 2018 წლის დასაწყისიდან იგეგმება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები