2024 წლის 10 ნოემბრიდან, შენგენის ზონაში მოგზაურობისას, პასპორტში საზღვრის კვეთის დამადასტურებელ ბეჭედს აღარ გამოიყენებენ. ევროკავშირი სასაზღვრო კონტროლის ახალ სისტემაზე გადადის, რომელიც საზღვრის კვეთის ციფრულ აღბეჭდვას ითვალისწინებს.
კერძოდ, 2024 წლის 10 ნოემბრიდან ევროკავშირი ავტომატურ EES (შესვლა/გასვლის) სისტემაზე გადადის, რომელიც EU-ს არარეზიდენტების საზღვრის კვეთას ციფრულად დააფიქსირებს, რის გამოც ფიზიკური ბეჭდების საჭიროება აღარ იარსებებს.
"EES ჩაანაცვლებს პასპორტების მექანიკური დაშტამპვის ამჟამინდელ პრაქტიკას, რასაც დიდი დრო მიაქვს, საზღვრის კვეთასთან დაკავშირებით სანდო ინფორმაციას ვერ უზრუნველყოფს და უვადოდ დამრჩენთა სისტემური იდენტიფიცირების საშუალებას არ იძლევა", - ამის შესახებ ევროპული კომისიის საიმიგრაციო და საშინაო საქმეების დეპარტამენტის განცხადებაშია ნათქვამი.
EES ავტომატური IT სისტემაა, რომელიც მესამე მსოფლიოს ქვეყნებიდან უვიზოდ ან მოკლევადინი ვიზით მოგზაურებს დაარეგისტრირებს. EU-ს საგარეო საზღვრის კვეთის თითოეულ შემთხვევაში, სისტემა ავტომატურად დააფიქსირებს მგზავრის სახელს, სამოგზაურო დოკუმენტებს, ბიომეტრიულ მონაცემებს, მათ შორის თითის ანაბეჭდებსა და ფოტოებს, ასევე საზღვრის კვეთის დროსა და ადგილს.
სისტემა იმუშავებს იმ შემთხვევაშიც, თუ მგზავრი რაიმე მიზეზით საზღვარზე არ დაიშვება.
ევროკავშირი იმედოვნებს, რომ ავტომატური სასაზღვრო კონტროლი და თვითმომსახურების სისტემები ბლოკის მასშტაბით უსაფრთხოებას გაზრდის და მგზავრებისთვის სამოგზაურო პროცედურების დროს შეამცირებს. თუმცა სისტემას არაერთი კრიტიკოსიც ჰყავს, რომლებიც მიიჩნევენ, რომ ავტომატური რეგისტრაცია უფრო მეტ პრობლემას გამოიწვევს.
აღსანიშნავია, რომ იმ ქვეყნების მოქალაქეებს, რომლებიც შენგენის ზონაში უვიზოდ გადაადგილდებიან (მათ შორის საქართველო), მოგზაურობისას წინასწარი რეგისტრაცია მოუწევთ ევროპის სამოგზაურო ინფორმაციისა და ავტორიზაციის სისტემაში - ETIAS - რომლის ამოქმედებასაც ევროკავშირი რამდენიმე წელია ავადებს. ETIAS, სავარაუდოდ, EES-ის ამოქმედების შემდეგ შევა ძალაში.