პრემიერ–მინისტრი მამუკა ბახტაძე ევროკავშირის მიერ საქართველოსთვის მხარდამჭერ პროგრამებზე საუბრობს.
როგორც პრემიერმა ვაჭრობის საკითხებში ევროკომისარ სესილია მალმსტრომთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, ევროპელ პარტნიორებთან ერთად საექსპორტო პროდუქციის ახალ სიაზე მიმდინარეობს მუშაობა.
"მე ვფიქრობ, რომ ეს არის სწორედ სწორი მიდგომა, რომ ჩვენ გვქონდეს არამხოლოდ ზოგადი სტრატეგია ჩვენი ექსპორტის განვითარების, არამედ სამოქმედო გეგმა თითოეული ამ პროდუქტის მიხედვით. მინდა ქართველი ხალხის სახელით მადლობა გადავუხადო ევროკავშირს იმ მხარდაჭერისთვის, რომელსაც ჩვენი ქვეყანა იღებს ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებიდან გამომდინარე, ასევე იმ ხელშეწყობისთვის, რომელსაც იჩენს ევროკავშირი ჩვენი მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერისთვის. ეს პირდაპირ აისახება ჩვენი მოსახლეობის დასაქმებაზე და ჩართვაზე ჩვენს ეროვნულ ეკონომიკაში. ამ მიმართულებით მე განსაკუთრებით მინდა გამოვყო საფინანსო შეთანხმება, უნარების განვითარების მხარდაჭერაზე, რომლის ფარგლებშიც საქართველო მიიღებს ევროკავშირის მხრიდან თითქმის 50 მილიონ ევრომდე დახმარებას. ჩვენი მოქალაქეების დასაქმება, ჩვენი მთავრობის მთავარი საზრუნავია და პროფესიული განათლება არის ყველაზე მოკლე გზა იმისთვის, რომ ჩვენ ეს გამოწვევა დავძლიოთ. შესაბამისად, ეს პროექტი არის პირდაპირ კავშირში იმ ეროვნული მნიშვნელობის რეფორმასთან, რომელიც ჩვენ დავაანონსეთ განათლების სექტორში და სადაც იცით, რომ პროფესიულ განათლებას აქვს განსაკუთრებული ადგილი. ჩვენ ყველა რესურსს მივმართავთ იმისთვის, რომ განათლება გახდეს ჩვენი ეკონომიკის დომინატი სექტორი.
ასევე, მინდა გამოვყო მეორე საფინანსო ხელშეკრულება, რომლის ფარგლებშიც საქართველოსთვის გათვალისწინებულია 58 მილიონ ევრომდე მხარდაჭერა. აღნიშნული პროგრამა მიზნად ისახავს საქართველოს რეგიონების სოციალურ-ეკონომიკურ განვითარებას. გაკეთდება აქცენტი სამ მიმართულებაზე, მათგან პირველია, კომერციული დავების უფრო სწრაფი გადაწყვეტის უზრუნველყოფა, მეორე გახლავთ საფინანსო ინფრასტრუქტურის მოდერნიზება და მესამე ბაზარზე ორიენტირებული ბიზნეს მოდელების ჩამოყალიბებაა. მსგავსი მიმართულებით მხარდაჭერა ჩვენ დაგვეხმარება ჩვენი ეკონომიკური სტრატეგიის ერთ-ერთი მთავარი მიზნის მიღწევაში, რომ საქართველო გახდეს რეგიონის ეკონომიკური ცენტრი", – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

























