კაპიტალის ბაზრის განვითარება ერთ-ერთი სტრატეგიული მიმართულებაა ალტერნატიული დაფინანსების წყაროების მოზიდვის კუთხით. საქართველოს ბაზარი ამ მხრივ ახალგაზრდა, თუმცა მზარდი ბაზარია, რომელიც თანდათან უფრო მიმზიდველი ხდება კომპანიებისთვის.
„დღეს ქართული კომპანიები 300 მილიონი ლარის რესურსით სარგებლობენ, რომელიც დაფინანსების ალტერნატიული წყაროებიდან მოდის. ეს მოცულობა იზრდება. ნებისმიერი კაპიტალის ბაზრის ტრანზაქცია დაკავშირებულია ძალიან კომპლექსურ სამართლებრივ ანალიზთან. ამიტომ ამისთვის ჩვენი სპეციალისტების მზაობა და რესურსების მობილიზება არის კრიტიკულად მნიშვნელოვანი.
ზრდის კარგი ტემპი გვაქვს, მაგრამ ის რომ შევადარით თუნდაც მეზობელ ქვეყნებს ან ევროპას, პენეტრაციის დონე არის მცირე. გვჭირდება კიდევ უფრო მეტი ტრანზაქცია და კიდევ მეტი კომპანიის მიერ გამოშვებული კაპიტალის ბაზრისთვის აპრობირებული პროდუქტები, რაზეც ყველამ აქტიურად უნდა ვიმუშაოთ როგორც სამართლებრივმა ჯგუფმა, ისე საფინანსო სექტორმა", - აცხადებს გოგა თხელიძე, თიბისი ბანკის გენერალური დირექტორის მოადგილე.
"თიბისი კაპიტალის" ხელმძღვანელი ფიქრობს, რომ ევროკავშირის ფინანსური დირექტივების ქართულ რეალობაში დანერგვა კაპიტალის ბაზარს განვითარების ახალ ეტაპზე გადაიყვანს.
"მოლოდინები გვაქვს ევროკავშირის რეგულაციების აპროქსიმაციის მიმართულებით. ეს იქნება ყველაზე საინტერესო სიახლე და საინეტერსო იქნება როგორ მოხდება ამ ახალი რეგულაციების დანერგვა ქართულ რეალობაში, რამაც შესაძლოა კაპიტალის ბაზრის განვითარების შემდეგ ეტაპზე გადაიყვანოს ჩვენი ბაზარი.
ეს არის ევროკავშირის ფინანსური დირექტივები, რომლის აპროქსიმაციის ვალდებულებაც გააჩნია საქართველოს. აქ საუბარია სხვადასხვა დირექტივებზე, რომელიც უნდა გადმოვიდეს კანონმდებლობაში. ობლიგაციონერების დაცვით კუთხით შეიძლება გარკვეული გაუმჯობესებები განხორციელდეს. კონკრეტულად, ამ ეტაპზე თითქმის ყველა ობლიგაცია რომელიც არის გამოშვებული, არის არაუზრუნველყოფილი ვალდებულება, უზრუნველყოფის ნაწილში შეიძლება საკანონმდებლო ბაზა დაიხვეწოს. შეიცვალა პროსპექტის დაწერის წესი. სიახლე 1-ლი იანვრიდან შედის ძალაში და საინტერესო მაგალითი იქნება თუ როგორ მოხდება მისი დანერგვა პრაქტიკაში. ახალი წესი უფრო მიახლოვებულია ევროსტანდარტთან და შესაბამისად კომპანიებს მოუწევთ უფრო მეტი ინფორმაციის გამჟღავნება თავისი ბიზნესის და სექტორის შესახებ ემისიის პროსპექტში. ეს არის ორი ძირითადი მიმართულება რაზეც გავამახვილებდი ყურადღებას“-აცხადებს „თიბისი კაპიტალის“ დირექტორი, ირაკლი ელაშვილი.
იურისტების ნაწილი აცხადებს, რომ კაპიტალის ბაზრის სამართლის განვითარების კუთხით გამოწვევები არსებობს, რასაც ქვეყანამ საკანონმდებლო ცვლილებებით უნდა უპასუხოს.
„რამდენიმე გამოწვევა არსებობს. პირველ რიგში უნდა აღინიშნოს რომ საკანონმდებლო დონეზე არის მთელი რიგი სამართლებივი ინფრასტრუქტურა ჩამოსაყალიბებელი. მათ შორის არის საინვესტიციო ფონდების კანონი, რომელიც კანონპროექტის სახით უკვე არსებობს. ასევე უზრუნველყოფილი სასესხო ფასიანი ქაღალდების, ობლიგაციების გამოშვების წესის ცვლილება და ისეთი მექანიზმების შემოღება, რომელიც უფრო მეტ სანდოობას გაუჩენს ფასიან ქაღალდებს. ასევე არის ზოგად ეკონომიკურ კანონებში მთელი რიგი ხელისშემშლელი ნორმები, რომელიც საჭიროებენ კაპიტალის ბაზრის განვითარების მიზნებისთვის ადაპტაციას და მორგებას იმ საჭიროებებზე და რეალობაზე, რომელიც კაპიტალის ბაზრისთვის არის მნიშვნელოვანი“-აცახდებს „ბი ელ სის“ პარტნიორი გიორგი ბათლიძე.