მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ევროკავშირის ელჩი: "DCFTA-ის პოტენციალის ასათვისებლად, ჯერ კიდევ ბევრია გასაკეთებელი"

5c5014f970208
თამუნა დემეტრაშვილი
29.01.19 12:54
911
ევროკავშირის ელჩი კარლ ჰერცელი აცხადებს, რომ DCFTA-ის პოტენციალის ასათვისებლად, ჯერ კიდევ ბევრია გასაკეთებელი.

მისი თქმით, ევროპასთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება ძალიან ამბიციური ხელშეკრულებაა და ის მოითხოვს მაღალ სტანდარტებსა და უდიდეს ძალისხმევას, შესაძლებლობების გამოსაყენებლად.

„ვაჭრობა საქართველოში კარგად ვითარდება, მაგრამ როდესაც საუბარი მიდის DCFTA-ის პოტენციალზე, ჯერ კიდევ ბევრი რამაა გასაკეთებელი. ეს ხელშეკრულება წარმოადგენს რეფორმების საფუძველს და ხერხემალს. ის აწესებს ოქროს სტანდარტს მსოფლიო ვაჭრობისათვის და საქართველოს ბევრად უფრო კონკურენტუნარიანს ხდის მსოფლიო ბაზარზე. როგორც ფრენკ სინატრა იტყოდა - თუ შეგიძლია ეს გააკეთო აქ, შეგიძლია გააკეთო ყველგან - თუკი საქართველო ევროპის ბაზარზე წარმატებული იქნება, მსოფლიო ბაზარზეც წარმატებული იქნება“, - განაცხადა ევროკავშირის ელჩმა ეკონომიკურ კონფერენციაზე - „საქართველო და მსოფლიო 2019 წელს“.

ელჩის თქმით, ევროკავშირთან სავაჭრო ურთიერთობები მზარდია, ინვესტიციების 40%-45%-იც ევროკავშირზე მოდის და გაზრდილია ევროპელი ტურისტების რაოდენობაც.

,,ბიზნესის კეთების სიმარტივით, საქართველო მუდმივად ზემოთ მიიწევს მსოფლიო ბანკის რეიტინგში, მაგრამ ეს მაღალი დონე, სრულად არ არის ასახული ინვესტიციებში, კიდევ რაღაც უნდა გაკეთდეს, რომ სიტუაცია გაუმჯობესდეს. მმართველობის მაღალი სტანდარტების დასახვა, ფინანსური სფერო, ინფრასტრუქტურა და უნარჩვევები - მე დავასახელე ყველაზე მნიშვნელოვანი გამოწვევები ამ კუთხით“, - განაცხადა ელჩმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები