ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა განაცხადა, რომ ევროკავშირმა €150-მილიარდიანი ახალი გეგმა დაამტკიცა, რომლის ფარგლებშიც წევრი ქვეყნები შეიარაღების შეძენას გამოყოფილი სესხით შეძლებენ.
პირველ ჯერზე ბიუჯეტი 150 მილიარდი ევროა და დასაწყისისთვის მის ყველაზე დიდ ნაწილს პოლონეთი მიიღებს. ინიციატივა 2030 წლის ევროპის უსაფრთხოების სტრატეგიის SAFE-ის ნაწილია. აღსანიშნავია, რომ პოლონეთის უპირატეს მდგომარეობაში ჩადგომა ხელისუფლების მიერ თავდაცვის უპრეცედენტოდ გაზრდილმა ბიუჯეტმა განაპირობა. ევროკავშირის მიერ პოლონეთისთვის მსგავსი შესაძლებლობის მიცემა განაპირობა იმანაც, რომ ქვეყანა აღმოსავლეთის ფლანგზე სამხედრო თვალსაზრისით ევროპის მთავარი დასაყრდენია.
დაფინანსების €150 მილიარდიანი პაკეტი, რომელსაც, მეტწილად, პოლონეთი მიიღებს ევროკავშირის მიერ გაცხადებული €800-მილიარდიანი გეგმის ნაწილია და მიზნად კოლექტიური უსაფრთხოების მაქსიმალურად უზრუნველყოფას ისახავს. დრონები, რაკეტები, კიბერ-უსაფრთხოებისა და საჰაერო თავდაცვის სისტემები - სწორედ ეს იქნება ის მიმართულებები, რომლებზეც თანხების უდიდესი ნაწილი დაიხარჯება.




























