დღეს, 15 ივლისს ახალგაზრდობის უნარების დღე აღინიშნება. სწორედ ახალგაზრდების განვითარება და მათი თანამედროვე ცოდნითა და უნარებით აღჭურვა არის ის მთავარი მოტივაცია, რომლითაც წლებია ევროკავშირი საქართველოში პროგრამებს და ინიციატივებს ახორციელებს. ევროკავშირი საქართველოს ახალგაზრდებს განვითარებაში ეხმარება ისეთი ეფექტიანი ინიციატივების საშუალებით, როგორიცაა “განათლება დასაქმებისთვის”, იგივე Skills4Jobs. ეს პროგრამა უმნიშვნელოვანეს როლს ასრულებს საქართველოს სოციალურ-ეკონომიკურ განვითარებასა და მსოფლიო დონეზე ქვეყნის კონკურენტუნარიანობის გაძლიერებაში. ადამიანურ კაპიტალში ინვესტირებით, ევროკავშირი ხელს უწყობს ძლიერი სამუშაო ძალის შექმნას, რომელიც ინოვაციასა და ეკონომიკურ ზრდას უზრუნველყოფს.
პროგრამის მეორე ფაზის განხორციელება საქართველოში 2019 წლიდან 9 პროექტმა დაიწყო, და 7 მილიონი ევროს დაფინანსებით შთამბეჭდავი შედეგები აჩვენა. ესენია: 1 741 ადამიანის დასაქმება, 6 505 სამუშაოს მაძიებლის გადამზადება საბაზისო უნარებში, მეწარმეობასა და IT პროგრამირებაში; 9 236 სამუშაოს მაძიებლისა და სტუდენტისთვის კონსულტაციის გაწევა; 1 108 ადამიანის სტაჟირების პროგრამაში ჩართვა; 26 ახალი, მოთხოვნაზე ორიენტირებული პროფესიული განათლების პროგრამის შექმნა; 15 პროფესიული სასწავლებლის დახმარება ახალი სერვისებისა და პროგრამების განვითარებაში; 19 კარიერული კონსულტაციისა და დასაქმების ხელშეწყობის ცენტრის შექმნა, 4 პროფესიული განათლების კურსის დანერგვა ლაბორატორიული ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების მიმართულებით, 90 სკოლასა და 10 პროფესიულ სასწავლებელში კოდირებისა და ტექ მეწარმეობის კლუბების განვითარება, ეს არასრული ჩამონათვალია იმ მიღწევების, რომლითაც პროგრამაში ჩართულმა პირებმა ისარგებლეს საქართველოს 8 რეგიონში.
სტუმარი: ნიკა ყოჩიშვილი - ევროკავშირის პროგრამების მენეჯერი;