გაზაფხულზე ბორჯომის რაიონში, სოფელ ჭობისხევში საჯინიბოს მშენებლობა იწყება.
საჯინიბოს ასაშენებლად პირველ ეტაპზე 43 ათასი ლარის ინვესტიცია განხორციელდება, რომლის 60% ევროკავშირის დაფინანსებაა.
თავლა 3,600კვ.მ მიწის ფართობზე აშენდება და უკვე ზაფხულის დასაწყისში ტურისტებსაც მოემსახურება.
„პროექტ ENPARD-ის შესახებ, დაახლოებით, ერთი წლის წინ შევიტყვეთ და მონაწილეობის მიღება გადავწყვიტეთ. ნამდვილად არ მეგონა, თუ სამივე ეტაპს გადავლახავდით. საბოლოოდ, ევროკავშირისგან 25 ათასი ლარის დაფინანსება მივიღეთ, რომელსაც 18 ათასი ლარი დავამატეთ და მარტის ბოლოსთვის საჯინიბოს მშენებლობასაც დავიწყებთ“, - აცხადებს bmg-სთან საუბარში, საჯინიბოს ერთ-ერთი დამფუძნებელი, მამა გერასიმე. (საერო სახელი - გელა მაისურაძე).
მისი თქმით, „რომ არა ევროკავშირის პროგრამა, იდეის განხორციელება ძალიან გაუჭირდებოდათ და ამას წლები დასჭირდებოდა".
საჯინიბოში თავდაპირველად 10 ცხენი განთავსდება, თუმცა ბავშვებისთვის პონების შეძენაც იგეგმება.
აგრეთვე, თავლაში 4-6 ადამიანი დასაქმდება.
„ვაშენებთ საჯინიბოს, საიდანაც მოეწყობა ულამაზესი ტურები სხვადასხვა მიმართულებებით, როგორც ერთდღიანი, ასევე - რამდენიმე დღიანი. თავლაში იქნება სპეციალური საჯირითო მოედნები პატარებისთვის და დიდებისთვის. საჯინიბოს ტერიტორიაზე გვექნება კვების ობიექტი და საპიკნიკე ადგილები“, - აცხადებს მამა გერასიმე.