საქართველოს კონკურენციის სააგენტოში მიმდინარე ევროკავშირის დახმარების პროექტის - „საქართველოს კონკურენციის სააგენტოს მხარდაჭერა“ ფარგლებში, საორგანიზაციო კომიტეტის რიგით მე-5 სხდომა გაიმართა.
საორგანიზაციო კომიტეტის სხდომა კონკურენციის სააგენტოს თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ დავით ჭიჭინაძემ და პროექტის გუნდის ხელმძღვანელმა - აურელიო ლა ტორემ გახსნეს.
კომიტეტის სხდომის მიმდინარეობისას გაჟღერდა საქართველოში ევროკავშირის დელეგაციის გადაწყვეტილება, რომელიც სააგენტოში მიმდინარე პროექტის დამატებით 6-თვიან გაგრძელებას გულისხმობს.
სხდომაზე ასევე განხილულ იქნა პროექტის მიმდინარეობა და ბოლო 6 თვის მანძილზე განხორციელებული აქტივობები. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა დაგეგმილი საკანონმდებლო ცვლილებების დროულად განხორციელებისა და საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლების მიზნით, დამატებითი ღონისძიებების ჩატარების აუცილებლობაზე.
სხდომას, სააგენტოს წარმომადგენლებთან და პროექტის ექსპერტებთან ერთად, საქართველოში ევროკავშირის დელეგაციის, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს და პროექტის განმახორციელებელი ბელგიური კომპანიის “Business and Strategies Europe” წარმომადგენლები ესწრებოდნენ.