რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრასთან დაკავშირებით, ევროკავშირის ქვეყნებმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-11 პაკეტი შეათანხმეს.
სანქციების ახალი პაკეტი, მოიცავს ზომების მიღებას მანამდე დაწესებული შეზღუდვების გვერდის ავლაზე.
Reuters-ის ინფორმაციით, შეთანხმება, მათ შორის, გულისხმობს 71 პირისა და 33-მდე ორგანიზაციის შავ სიაში დამატებას. მათ შორის არიან ისინი, ვისაც უკრაინელი ბავშვების უკანონო დეპორტაციაში მონაწილეობა აქვთ მიღებული.
რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-11 პაკეტთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყანამ, შვედეთმა.
„დღეს ევროკავშირის ელჩები რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-11 პაკეტზე შეთანხმდნენ. პაკეტი მოიცავს ზომებს, რომლებიც მიზნად ისახავს სანქციების გვერდის ავლასა და ინდივიდუალურ ჩამონათვალს“, – წერია ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყნის, შვედეთის „ტვიტერის“ გვერდზე.
ამასთან, ევროკომისიის პრეზიდენტი, ურსულა ფონ დერ ლაიენი წერს, რომ მიესალმება სანქციების მე-11 პაკეტზე შეთანხმებას.
„ეს კიდევ უფრო დიდ დარტყმას მიაყენებს პუტინს ექსპორტის გამკაცრებული შეზღუდვებით, რომელიც მიზნად ისახავს კრემლის მხარდამჭერ სუბიექტებს. ჩვენი გვერდის ავლის საწინააღმდეგო ინსტრუმენტი ხელს შეუშლის რუსეთს სანქცირებული საქონლის ხელში ჩაგდებაში“, – წერს ურსულა ფონ დერ ლაიენი.

























