ევროკავშირმა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურს 240,000-მდე ევროს ღირებულების, უკანონო ტვირთის მაიდენტიფიცირებელი აღჭურვილობა და სამკერდე კამერები გადასცა. ინიციატივის მიზანია შემოსავლების სამსახურის საბაჟო საქმიანობის მხარდაჭერა, რაც გულისხმობს საქართველოს საზღვრებზე ადამიანების და ტვირთის უსაფრთხო და გამარტივებულ გადაადგილებას.
შემოსავლების სამსახურის ცნობით, აღნიშნული აღჭურვილობა დაეხმარება შემოსავლების სამსახურის ე.წ. წინა ხაზის ოფიცრებს გამოავლინონ ნარკოტიკული ნივთიერებები, სამკერდე კამერები კი ხელს შეუწყობს მტკიცებულებების შეგროვებასა და კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლას. ამასთან, მათი საშუალებით, მოხდება ოფიცრებისთვის გარკვეული დონის დაცვის უზრუნველყოფა. აღჭურვილობის გადაცემა ევროკავშირის პროექტის „საქართველოში საზღვრის და მიგრაციის მართვის მდგრადობის უზრუნველყოფა“ ფარგლებში ხდება და მას მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაცია (IOM) ახორციელებს.
გასულ წლებში, ევროკავშირი და IOM მხარს უჭერდნენ შემოსავლების სამსახურის განვითარებისკენ მიმართულ საქმიანობას, რაც მოიცავს ტრენინგებს დათვალიერების ტექნიკის და მგზავრთა შეფასების თემებზე. ამ უნარებთან ერთად, აღნიშნული აღჭურვილობა მეტად გააძლიერებს შემოსავლების სამსახურის შესაძლებლობებს უკანონო ტვირთის აღმოჩენის და საზღვრისპირა დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის მიმართულებით.

























