ორმოცდაათწლიანი შეწყვეტილი მოლაპარაკებების შემდეგ, ინდოეთმა და ევროკავშირმა თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმებას მოაწერეს ხელი - ამის შესახებ ინდოეთის პრემიერ-მინისტრმა, ნარენდრა მოდიმ განაცხადა.
მისივე თქმით, ეს შეთანხმება ინდოეთისა და ევროკავშირის მოქალაქეებისთვის დიდ შესაძლებლობებს შექმნის.
„ევროკავშირსა და ინდოეთს შორის ხელი მოეწერა მნიშვნელოვან შეთანხმებას. მთელ მსოფლიოში ხალხი ამას ყველა „შეთანხმების დედას“ უწოდებს. ეს შეთანხმება დიდ შესაძლებლობებს მოუტანს ინდოეთის 1.4 მილიარდ მოსახლეობას და ევროპაში მცხოვრებ მილიონობით ადამიანს“, – განაცხადა მოდიმ.
როგორც „როიტერი“ წერს, მოსალოდნელია, რომ დღეს ნარენდრა მოდი და ევროკომისიის პრეზიდენტი, ურსულა ფონ დერ ლაიენი ერთობლივ განცხადებას გააკეთებენ, სადაც წარმოდგენილი იქნება შეთანხმების დეტალები.
ოფიციალური დეტალების შესახებ ერთობლივ განცხადებას მოდი და ევროკომისიის პრეზიდენტი, ურსულა ფონ დერ ლაიენი მოგვიანებით, ნიუ-დელიში დაგეგმილ სამიტზე გააკეთებენ.
2025 წლის მარტის მონაცემებით, ინდოეთსა და ევროკავშირს შორის ვაჭრობამ 136.5 მილიარდი დოლარი შეადგინა.
დოკუმენტის სამართლებრივი დაზუსტება 5-6 თვეს გასტანს. ინდოეთის მთავრობაში მოელიან, რომ შეთანხმება ძალაში ერთ წელიწადში შევა.
შეთანხმება ითვალისწინებს ტარიფების მნიშვნელოვან შემცირებას. მაგალითად, დღეისათვის ინდოეთში ევროპულ ავტომობილებზე გადასახადი 110%-ს აღწევს, რაც ახალი გარიგებით შემცირდება.
საერთაშორისო მედია წერს, რომ სავაჭრო გარიგებების ეს ტალღა პირდაპირ კავშირშია აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის პოლიტიკასთან. მას შემდეგ, რაც ვაშინგტონმა ინდოეთიდან იმპორტირებულ საქონელზე 50%-იანი ტარიფი დააწესა, ხოლო ევროპულ ქვეყნებს სავაჭრო ბარიერებითა და გრენლანდიის ყიდვის მცდელობით დაემუქრა, მოკავშირეებმა ალტერნატიული გზების ძიება დაიწყეს.
ინდოეთსა და აშშ-ს შორის სავაჭრო მოლაპარაკებები გასულ წელს კომუნიკაციის გაწყვეტის გამო ჩაიშალა. ამ ფონზე, ნიუ-დელიმ ბოლო პერიოდში აქტიურად გააფორმა ხელშეკრულებები ბრიტანეთთან, ახალ ზელანდიასა და ომანთან, ხოლო ევროკავშირმა ანალოგიური ნაბიჯები გადადგა მერკოსურის ბლოკთან (სამხრეთ ამერიკა), ინდონეზიასთან, მექსიკასა და შვეიცარიასთან.


























