2016 წლის ივლისში უმუშევრობის დონე ევროზონის ქვეყნებში, წინა თვესთან შედარებით, არ შეცვლილა და მან შრომისუნარიანი მოსახლეობის 10,1% შეადგინა - წერს Eurostat. გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, უმუშევრობის დონე 0,7 პროცენტული პუნქტით შემცირდა. ევროკავშირის ქვეყნებში უმუშევრობის დონე 8,6%-ია, ისევე როგორც ერთი თვის წინ. წლიურ ჭრილში უმუშევრობა 0,8 პროცენტული პუნქტით შემცირდა. რიცხვობრივად ევროზონაში უმუშევართა რაოდენობამ 16,31 მილიონი ადამიანი, ევროკავშირში კი 21,06 მილიონი ადამიანი შეადგინა. უმუშევრობის დონის ყველაზე დაბალი მაჩვენებლით გამოირჩევიან მალტა (3,9%), ჩეხეთი (4,2%) და გერმანია (4,2%). ყველაზე მაღალი მაჩვენებელი კი საბერძნეთსა (23,5%) და ესპანეთშია (19,6%).

























