საქართველოში ოფიციალური ვიზიტით ვაჭრობის საკითხებში ევროკომისარი სესილია მალსტრომი იმყოფება. პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძესთან გამართული შეხვედრის შემდეგ, მალსტრომმა და ბახტაძემ მედიისთვის განცხადებები გააკეთეს. ევროკომისარმა სესილია მალსტრომმა განაცხადა, რომ უფრო მჭიდრო პარტნიორობისთვის აუცილებელია, რომ საქართველოში დემოკრატიული რეფორმირების გზა გაგრძელდეს. მასლტრომი შეეხო 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებს და თქვა, რომ საქართველომ ადეკვატური პასუხი უნდა გასცეს იმ ნაკლოვანებებს, რომლებმაც არჩევნების პროცესში იჩინა თავი. ევროკომისარმა ასევე ხაზი გაუსვა კანონის უზენაესობის განმტკიცების მხრივ რეფორმების გაგრძელების აუცილებლობას და თქვა რომ აუცილებელია აღნიშნული რეფორმების მიმართ არსებობს ნდობა როგორც ადგილობირივი საზოგადოების, ასავე საერთაშორისო ინვესტორების მხრიდან.
"ჩვენ მხარს ვუჭერთ საქართველოში დემოკრატიული რეფორმების განხორციელებას. ჩვენ ვაღიარებთ იმას, რომ საქართველოს მიმართ მთელ მსოფლიოსა და ევროპაში არსებული კეთილგანწყობის საფუძველია ის, რომ ჩვენ ვაღიარებთ საერთო ღირებულებებს. ეს არის ის სიკეთე, რომელსაც გაფრთხილება ესაჭიროება. მნიშვნელოვანია საქართველომ ადეკვატური პასუხი გასცეს ყველა იმ ნაკლოვანებასა და ხარვეზს, რომლებმაც 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე იჩინა თავი, ამასთანავე, მნიშვნელოვანია, რომ გაგრძელდეს პროგრესი და რეფორმირება სხვადასხვა, მათ შორის კანონის უზენაესობის მიმართულებითაც. ამავდროულად, სახელმწიფომ უნდა უზრუნველყოს, რომ ამ რეფორმების მიმართ საზოგადოებაში არსებობდეს ნდობა, როგორც ადგილობრივი მოსახლეობის, ასევე ინვესტორების მხრიდან,"- განაცხადა მალსტრომმა.
ევროკომისარის განცხადებით, საქართველოს საინვესტიციო გარემოს გაუმჯობესება ქვეყანაში უფრო მეტი ევროპული ინვესტიციის მოზიდვისთვის არის მნიშვნელოვანი.
"მნიშვნელოვანი საქმე არის განსახორციელებელი საინვესტიციო კლიმატის გაუმჯობესების თვალსაზრისით. ეს რეფორმები და განზრახვები უნდა გადაიზარდოს პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებში საქართველოს ტერიტორიაზე. ევროკავშირიდან უკვე მომდინარეობს ინვესტიციები, მაგრამ კიდევ უფრო მეტად გვინდა გაიზარდოს მისი მასშტაბები. მომდევნო წლების განმავლობაში. იმისათვის რომ კიდევ უფრო გავაძლიეროთ, კიდევ უფრო მეტი კონსოლიდაცია შევძინოთ საქართველოს საინვესტიციო კლიმატს. იმისათვის, რომ საქართველოს ეკონომიკა, მისი წარმოება უფრო მრავალფეროვანი და დივერსიფიცირებული გახდეს.
ჩვენ ვხედავთ, რომ საქართველოდან უკვე არაერთი პროდუქტი იმკვიდრებს ადგილს ევროკავშირის სავაჭრო დახლებზე, ჩვენ კიდევ უფრო მეტის ნახვა გვინდა. საკრედიტო საშუალებებს ვაწვდით საქართველოს მეწარმეებს, გლეხებს, ფერმერებს, 80 მილიონი ევრო უკვე გამოიყო, ათასობით ფერმა სარგებლობს ამ სასუალებებით, არაერთი სამუშაო ადგილი იქმნება ამ ყველაფრის გათვალისწინებით საქართველოში. ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის სივრცე უკვე კარგად ფუნქციონირებს, თუმცაღა, ის მუდმივად საჭიროებს ზრდას და განვითარებას,"- განაცხადა ევროკომისარმა.

























