ევროკომისიის პრეზიდენტის ურსულა ფონ დერ ლაიენის განცხადებით, ევროკავშირი მხარს უჭერს საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას, ამასთან განსაზღვრავს დათქმებს, რომელთან ერთადაც ამ რეკომენდაციას გასცემს. დათქმები, რომლებშიც განსაზღვრულია ცხრა პრიორიტეტული მიმართულება, რომელთა შესახებაც საქართველომ პროგრესი უნდა აჩვენოს, რეკომენდაციებს შორისაა ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი ინსტიტუტების დამოუკიდებლობის, მათ შორის ეროვნული ბანკის დამოუკიდებლობის უზრუნველყოფაც. "საპარლამენტო ზედამხედველობის შემდგომი გაუმჯობესება, განსაკუთრებით უსაფრთხოების სამსახურებზე. საკვანძო ინსტიტუტების, განსაკუთრებით საარჩევნო ადმინისტრაციის, ეროვნული ბანკისა და კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისიის ინსტიტუციური დამოუკიდებლობისა და მიუკერძოებლობის უზრუნველყოფა,"- წერია ევროკომისიის მიერ მომზადებულ გაფართოების ანგარიშში. ეკონომიკური პოლიტიკის თვალსაზრისით, ევროკავშირი ხაზს უსვამს დეოლიგარქიზაციის მნიშვნელობას. დოკუმენტში ასევე საუბარია ანტიკორუფციული ბიუროს დამოუკიდებლობის უზრუნველყოფაზეც.