მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ევროკომისიამ გამოავლინა, რომ ბრიუსელში უნგრეთის საელჩოში სადაზვერვო ქსელი ფუნქციონირებდა

ორბანი და ფონ დერ ლაიენი

ევროკომისიის ოფიციალურმა გამოძიებამ გამოავლინა, რომ ბრიუსელში, უნგრეთის საელჩოში სადაზვერვო ქსელის ფუნქციონირებდა. არსებული ინფორმაციით, სპეციალური აგენტები საელჩოდან მოქმედებდნენ და ევროკავშირის ინსტიტუტების მაღალჩინოსნების გადაბირებას ცდილობდნენ.

POLITICO-ს მიერ მოპოვებული დოკუმენტის თანახმად, სადაზვერვო ოპერაციები 2013-დან 2016 წლამდე პერიოდს, ანუ ვიქტორ ორბანის პრემიერობის პირველ წლებს მოიცავდა. როგორც ირკვევა, თავდაპირველად ჯგუფი ფარულად მუშაობდა, თუმცა 2015 წლიდან მათმა საქმიანობამ უფრო ღია ხასიათი მიიღო. ეს პროცესი მიზნად ევროკომისიაში მომუშავე უნგრელი დიპლომატებისგან ბუდაპეშტისთვის საინტერესო ინფორმაციის მოპოვებას ისახავდა.

აღსანიშნავია, რომ დაზვერვის ოფიცრები საკუთარ პოზიციას სტანდარტული დიპლომატიური საქმიანობის მიღმა არსებული დავალებების შესასრულებლად იყენებდნენ. აქვე უნდა ითქვას, რომ ევროკომისიის თაღლითობის წინააღმდეგ ბრძოლის კომისრის, პიოტრ სერაფინის გამოძიებამ უსაფრთხოების რეგულაციების სერიოზული დარღვევები ვერ გამოავლინა, თუმცა საქმეში იკვეთება უნგრეთის ამჟამინდელი ევროკომისრის, ოლივერ ვარჰეის სახელიც. შეგახსენებთ, ის 2015 წელს უნგრეთის მუდმივი წარმომადგენლობის ხელმძღვანელი და ევროკავშირში ქვეყნის ელჩი გახდა.

ევროპარლამენტარების კითხვების საპასუხოდ ვარჰეიმ განაცხადა, რომ სადაზვერვო სამსახურებს მისთვის საიდუმლო ინფორმაციის გადაცემის თხოვნით არ მიუმართავთ. მანამდე მან ევროკომისიის პრეზიდენტს, ურსულა ფონ დერ ლაიენსაც დაუდასტურა, რომ ამ ოპერაციების შესახებ ინფორმაციას არ ფლობდა.

შეგახსენებთ, რომ ოლივერ ვარჰეი ამჟამად ჯანდაცვისა და ცხოველთა კეთილდღეობის საკითხებში ევროკომისრის პოსტს იკავებს. ის ბრიუსელში, უნგრეთის მუდმივ წარმომადგენლობაში მუშაობას 2011 წელს შეუდგა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები