Nutella-ს მწარმოებელმა კომპანია Ferrero-მ განაცხადა, რომ ინფორმირებულია ევროკომისიის ოფიციალური პირების მიერ მის ოფისებში მიმდინარე ადგილობრივი ინსპექტირების შესახებ. ეს ინფორმაცია მას შემდეგ გავრცელდა, რაც კომისიამ ანტიმონოპოლიური პრაქტიკის გამოძიების დაწყების შესახებ გამოაცხადა.
"კომპანია სრულად თანამშრომლობს და აწვდის მოთხოვნილ ინფორმაციას", - ნათქვამია კომპანიის განცხადებაში, რომელიც Reuters-ის მოთხოვნის საპასუხოდ გავრცელდა.
საქმე ისაა, რომ ევროკომისიის განცხადებით, მიმდინარე კვირის დასაწყისში შოკოლადის მწარმოებელი ერთ-ერთი კომპანიის შენობებში, კარტელური გარიგებებისა და ანტიკონკურენტული პრაქტიკის ამკრძალავი წესების სავარაუდო დარღვევის გამო, ჩხრეკა ჩატარდა.
ევროკომისიამ აღნიშნა, რომ ბლოკი "ერთიანი ბაზრის წევრ სახელმწიფოებს შორის საქონლით ვაჭრობის შეზღუდვების სახით, ბაზრის შესაძლო სეგმენტაციას და მრავალ ქვეყანაში შესყიდვების დაბრკოლებებს" იძიებს.
ევროპელი საცალო მოვაჭრეები დიდი ხანია, მსხვილ სამომხმარებლო ბრენდებს ისეთ ანტიკონკურენტულ პრაქტიკაში ადანაშაულებენ, როგორებიცაა EU-ს წევრ ქვეყნებს შორის ფასების სხვაობის შენარჩუნება და სუპერმარკეტებისთვის ბრენდირებული საქონლის საბითუმოდ შეძენისა და მთელი ბლოკის მასშტაბით გაყიდვის გართულება - ამ პრაქტიკას "ტერიტორიული მიწოდების შეზღუდვები" ეწოდება.
საცალო ვაჭრობის ასოციაცია Eurocommerce-მა განცხადებაში აღნიშნა, რომ მხარს უჭერს ევროკომისიას მსგავსი პრაქტიკის წინააღმდეგ ზომების მიღებაში.




























