ევროკომისიამ რუსეთის წინააღმდეგ ეკონომიკური სანქციების 22-ე პაკეტი წარადგინა. ახალი შეზღუდვები ქვეყნის საფინანსო სექტორს, ენერგეტიკას, „ჩრდილოვან ფლოტს“, ყოფილ სამხედროებსა და სპორტსმენებს შეეხება. წევრი სახელმწიფოების მიერ დამტკიცების შემთხვევაში სანქციები დეკემბერში, საშობაო არდადეგებამდე ამოქმედდება.
ევროკომისიის პრეზიდენტ ურსულა ფონ დერ ლაიენის განცხადებით, ბრიუსელი სანქციების დაწესებას მანამდე გააგრძელებს, სანამ რუსეთი უკრაინაში მდგრადი მშვიდობის დამყარების რეალურ სურვილს არ გამოიჩენს.
ახალი პაკეტი SWIFT-ის სისტემიდან დამატებით 60 რუსული ბანკის გათიშვას, ასევე ზომების გამკაცრებას ითვალისწინებს იმ კრიპტოპლატფორმების წინააღმდეგ, რომლებსაც მოსკოვი შეზღუდვების გვერდის ასავლელად იყენებს. ამასთან, ევროპულ კომპანიებს რუსული ენერგეტიკული ობიექტების, განსაკუთრებით კი უკრაინის შორი მოქმედების დარტყმებით დაზიანებული ნავთობგადასამუშავებელი ქარხნების შეკეთება აეკრძალებათ.
სანქციების სიას ასევე ემატება „ჩრდილოვანი ფლოტის“ 70-ზე მეტი გემი, რომლებსაც რუსეთი ბარელ ნავთობზე დაწესებული $44-იანი ზრდა ზღვრის გვერდის ასავლელად იყენებს. ინფორმაციისთვის, ევროკავშირის პორტებითა და სერვისებით სარგებლობა ამ ტიპის 670-ზე მეტ ხომალდს უკვე ეკრძალება.
ამის პარალელურად, ევროკომისიამ წევრ სახელმწიფოებს სანქცირებულთა სიიდან საქართველოში მდებარე ყულევის ნავთობგადასამუშავებელი ქარხნის ამოღება შესთავაზა. როგორც ირკვევა, სანქციების შესახებ გაფრთხილების საპასუხოდ ქარხანამ ნავთობის მიწოდების დივერსიფიცირება მოთხოვნის შესაბამისად მოახდინა და რუსული ნედლეული ლიბიურით ჩაანაცვლა.
ჰიბრიდული თავდასხმების ბოლოდროინდელი გახშირების ფონზე ევროკომისია უკრაინის წინააღმდეგ ომში მონაწილე რუსი სამხედროებისთვის ევროკავშირში შესვლის აკრძალვასაც გეგმავს. რუსული სპეცსამსახურების მიერ დანიის ტერიტორიაზე დაგეგმილი მკვლელობის აღკვეთის შემდეგ სავიზო წესების გამკაცრება კოპენჰაგენმა მოითხოვა. ფონ დერ ლაიენის თქმით, ყოფილი რუსი მებრძოლები ევროპის უსაფრთხოებას საფრთხეს უქმნიან და ბლოკის ქვეყნებში თავისუფლად გადაადგილების უფლება აღარ უნდა ჰქონდეთ.
რაც შეეხება სპორტისა და კულტურის სფეროს, ევროკომისია ევროკავშირში გამართულ ყველა სპორტულ ღონისძიებაზე ოფიციალური რუსული სიმბოლიკის გამოყენებას აკრძალავს. ინიციატივის მიხედვით, რუსულ გუნდებსა და სპორტსმენებს შეჯიბრებებში რუსეთის დროშის ქვეშ ასპარეზობა შეეზღუდებათ. რუსეთის მოქალაქეებს ევროპაში ბაზირებული სპორტული ფედერაციების მმართველ ორგანოებში თანამდებობების დაკავება და ამ ორგანიზაციების ფინანსური მხარდაჭერაც აეკრძალებათ. ფონ დერ ლაიენის განმარტებით, სპორტული ღონისძიებები პროპაგანდისტული საქმიანობის პლატფორმად არ უნდა იქცეს.
























