ევროკომისიამ TANAP-ის პროექტისთვის დამატებით 3,5 მილიონი ევრო გამოყო. ფინანსური დახმარება კომერციული საქიანობისა და ობიექტების ინტეგრირებული მართვის სისტემების მხარდაჭერისკენ იქნება მიმართული. გამოცემა Trend.az-ის ინფორმაციით, ევროკომისიამ პროექტისთვის გრანტი უკვე მეოთხედ გამოყო. ჯამში კი ევროკომისიის დაფინანსება 10 მილიონ ევროს აღემატება. ამ დროისთვის აღნიშნული თანხიდან 2,5 მილიონი ევროს ათვისება მოხდა.
ტრანსანატოლიური გაზსადენი (TANAP) სამხრეთ კავკასიის მილსადენის გაგრძელება იქნება თურქეთის აღმოსავლეთ საზღვართან. TANAP-ი თურქეთის დასავლეთ საზღვართან ტრანსადრიატიკულ გაზსადენს შეუერთდება. აქედან TAP-ი გადაკვეთს საბერძნეთს და იტალიის გაზის ტრანსპორტაციის ქსელს შეუერთდება.
შაჰ-დენიზის პროექტის მეორე ფაზის ჯამური საინვესტიციო ღირებულება 45 მილიარდ ამერიკულ დოლარს შეადგენს, აქედან 2 მილიარდის დოლარის ინვესტიცია საქართველოში განცორციელდება.

























