ევროკავშირის საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის კომისიამ, საქართველოს მიერ ევროკავშირთან ასოცირების პროცესის განხორციელების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა.
დოკუმენტში, რომელსაც ხელს ფედერიკა მოგერინი აწერს, ნათქვამია, რომ საქართველოს მიერ მართლმსაჯულების სექტორში გატარებული რეფორმები უმნიშვნელო ხასიათს ატარებს და კვლავ რჩება გამოწვევები კანონის უზენაესობის განმტკიცების საკითხებში.
"საქართველომ უმნიშვნელო წინსვლა განახორციელა მართლმსაჯულების სექტორის რეფორმირებაში; მნიშვნელოვანი გამოწვევები კვლავ რჩება მიღწეული წინსვლის განმტკიცებისა და კანონის უზენაესობის დაცვის მიმართულებით. სამოქალაქო საზოგადოებამ შეშფოთება გამოხატა სასამართლო სისტემასა და მედიის პლურალიზმზე პოტენციურ პოლიტიკურ ზეგავლენასთან დაკავშირებით. ადამიანის უფლებების და ანტიდისკრიმინაციული კანონმდებლობის ეფექტიანი განხორციელება კვლავ გამოწვევად რჩება", - წერია ევროკომისიის ანგარიშის ოფიციალურ თარგმანში, რომელსაც საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის პრესსამსახური ავრცელებს.
ანგარიშში დადებითად არის შეფასებული ის როლი, რომელსაც საქართველო აღმოსავლეთ სამეზობლო პოლიტიკის ფარგლებში თამაშობს.

























