საქართველოში ხშირად შევხვდებით სტუდენტთა დასაქმების პრობლემებს. მათ ძირითადად აქვთ საკმარისი ცოდნა, რომლის გამოყენებაც პრაქტიკაში შეუძლიათ, მაგრამ არ აქვთ შესაძლებლობა, რომ დასაქმდნენ ან უნივერსიტეტს არ აქვს შესაძლებლობა უზრუნველყოს მათი პრაქტიკული გამოცდილება. პრობლემის მასშტაბიდან გამომდინარე ევროკრედიტმა და სსიპ სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტმა შექმნეს ერთობლივი პროექტი, რომელიც სტუდენტებს ახალ, საინტერესო გამოწვევებს სთავაზობს.
მისო “ევროკრედიტის“ აღმასრულებელმა დირექტორმა მიხელ ნონიკაშვილმა და “სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის” რექტორმა ზურაბ ხონელიძემ, ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს მოაწერეს ხელი, რომელიც სტუდენტებისთვის სწავლის და პრაქტიკული ცოდნის მიღების კუთხით მეტი შესაძლებლობების გაჩენას ისახავს მიზნად.
მათი პარტნიორობის ფარგლებში სტუდენტებს მიეცემათ შესაძლებლობა მათი თეორიული ცოდნა პრაქტიკაში გამოიყენონ. მემორანდუმის ფარგლებში "ევროკრედიტი" ჩაერთვება სასწავლოო გეგმის შედგენაში, რათა სტუდენტებმა მიზანმიმართული თეორიული ცოდნა მიიღონ და შემდგომში უზრუნველყოფს მათ სტაჟირებებს "ევროკრედიტის" ქსელში.
„მე აფხაზეთიდან ვარ და ყველა ის საკითხი, რომელიც ამ კუთხესთან არის დაკავშირებული განსაკუთრებულ მნიშვნელობას ატარებს. მოხარული ვარ, რომ ჩვენ კომპანიასა და სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტს შორის იწყება მსგავსი სახის თანამშრომლობა. განათლება არის გასაღები ჩვენი და ჩვენი ქვეყნის ძირითადი გამოწვევებისა და ბარიერების გადასალახავად. ახალგაზრდებს უნდა ქონდეთ შესაძლებლობა მიიღონ განათლება და პრაქტიკული გამოცდილება "ბარიერების გარეშე“ განაცხადა ევროკრედიტის საოპერაციო დირექტორმა ირაკლი წურწუმიამ.
“მემორანდუმის ფარგლებში შემოთავაზებულ პირობებს განვიხილავთ, როგორც შესაძლებლობას, ჩვენი უნივერსიტეტის სტუდენტების მიერ მოხდეს მიღებული თეორიული ცოდნის ტრანსფერი პრაქტიკულ უნარ-ჩვევებში, რომლის გარეშეც თანამედროვე პირობებში წარმოუდგენელია კონკურენტუნარიანი, პროფესიონალი, მაღალკვალიფიციური, შრომის ბაზარზე მოთხოვნადი სპეციალისტის ჩამოყალიბება. ამ მიმართულებით უნივერსიტეტი მზადაა მოახდინოს მის ხელთ არსებული ადამიანური, მატერიალურ-ტექნიკური და სხვა რესურსების შეთავაზება და ერთობლივი ძალებით მოახდინოს სტუდენტების აქტიური ჩართვა კვლევით საქმიანობაში. პროფესიული პრაქტიკა სტუდენტს მისცემს შესაძლებლობას რეალურ ცხოვრებაში გამოსცადოს აკადემიურ გარემოში შეძენილი კომპეტენციები (ცოდნა და უნარები) და მოახდინოს მათი შემდგომი სრულყოფა და განავითარება” - უნივერსიტეტის რექტორი ზურაბ ხონელიძე.
ამ სახის თანამშრომლობა, ბიზნესებსა და სასწავლო დაწესებულებებს შორის მომგებიანია როგორც უშუალოდ სტუდენტებისთვის კარიერული წინსვლის თვალსაზრისით, ასევე საერთო ეკო სისტემის გაძლიერებისთვის და ახალი ცოდნის დანერგვისათვის.
(NS)