"ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე, თინა ბოკუჩავა ამბობს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუცია არჩევნების დელეგიტიმაციის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ინსტრუმენტია.
"ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის" ინფორმაციით, ბოკუჩავა, რომელიც სტრასბურგში იმყოფება, სადაც საქართველოზე რეზოლუციის შესახებ მოლაპარაკებები იწყება.
„დაახლოებით ერთ საათში სტრასბურგში დაიწყება მოლაპარაკებები ევროპარლამენტის რეზოლუციაზე საქართველოზე, რომელიც ბუნებრივია შეეხება 26 ოქტომბრის მიტაცებულ არჩევნებს. ამ რეზოლუციაზე ჯერ კიდევ გასულ კვირას ვმუშაობდი ბრიუსელში ჩვენს ევროპელ პარტნიორებთან. მიზანი ბუნებრივია არის არ აღიარების პოლიტიკის შენარჩუნება, არჩევნების შედეგების, რომელიც არ ასახავდა ქართველი ხალხის თავისუფალ ნებას. ეს არის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ინსტრუმენტი არჩევნების დელეგიტიმაციის. შესაბამისად, ამ თვითმარქვია პარლამენტის და მის მიერ ფორმირებული მთავრობის დელეგიტიმაციის, რაც არის საფუძველი ხელახალი არჩევნების ჩანიშვნის, რომელსაც ჩაატარებს თავისუფალი და პროფესიონალური საარჩევნო ადმინისტრაცია, რომელიც ასახავს ქართველი ხალხის თავისუფალ ნებას და მოგვცემს შესაძლებლობას, რომ დავიბრუნოთ ჩვენი ევროპული პერსპექტივა,“- განაცხადა თინა ბოკუჩავამ.
ცნობისთვის, საპარლამენტო არჩევნების შემდეგ საქართველოში გაუარესებულ დემოკრატიულ კრიზისზე და სავარაუდო საარჩევნო გაყალბებაზე რეზოლუციას ევროპარლამენტი კენჭს 28 ნოემბერს უყრის.