მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ევროპარლამენტმა სომხურ პროდუქციაზე საბაჟო გადასახადების 2 წლით გაუქმებას მხარი დაუჭირა

ევროკავშირი სომხეთი

ევროპარლამენტმა სომხური წარმოების საქონელზე საბაჟო გადასახადების ორწლიანი გაუქმების გადაწყვეტილება მიიღო. როგორც ირკვევა, ინიციატივას მხარი 583 დეპუტატმა დაუჭირა, 49 კი წინააღმდეგი წავიდა. დარჩენილმა 39 დეპუტატმა კენჭისყრისას თავი შეიკავა.

როგორც ირკვევა, ევროკავშირი ამ ნაბიჯით მიზნად სომხეთის ეკონომიკის გაძლიერებასა და ადგილობრივი ექსპორტიორებისთვის ახალი შესაძლებლობების შექმნას ისახავს. ახალი რეგულაცია სომხური წარმოების რვა სასოფლო-სამეურნეო პროდუქტისთვის უბაჟო საიმპორტო კვოტების დაწესებას ითვალისწინებს. ამ ჩამონათვალში ყურძენი, გარგარი, ბალი, ატამი და კიტრი შედის.

პარალელურად, დოკუმენტი ითვალისწინებს სპეციალურ დამცავ მექანიზმებს, რომლებიც ევროპელი ფერმერების დასაცავად იმპორტის მკვეთრი ზრდის შემთხვევაში ბრიუსელს ჩარევის უფლებას ანიჭებს. ინიციატივას საბოლოო ეტაპზე ევროკავშირის საბჭოს ოფიციალური დამტკიცება დასჭირდება. ახალი რეგულაცია კი ევროკავშირის ოფიციალურ ჟურნალში გამოქვეყნების მეორე დღესვე ამოქმედდება.

ცნობისთვის, ევროკავშირის ეს გადაწყვეტილება რუსეთის მიერ 2026 წლის მაისში დაწესებულ შეზღუდვებს უკავშირდება. მოსკოვმა სომხურ ალკოჰოლურ სასმელებს, მინერალურ წყლებს, ხილ-ბოსტნეულსა და საკუთარ ტერიტორიაზე მათ ტრანზიტს ბარიერები შეუქმნა. ევროკომისიის მონაცემებით, რუსულმა შეზღუდვებმა სომხეთის ტრადიციული მიწოდების ჯაჭვები დააზარალა. შედეგად, ადგილობრივი ფერმერები და მცირე საწარმოები მნიშვნელოვანი ეკონომიკური გამოწვევების წინაშე აღმოჩნდნენ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები