მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ევროპარლამენტში საქართველოს დემოკრატიულ კრიზისზე იმსჯელეს - განცხადებები

ეუ

დღეს, ევროპარლამენტში საქართველოს დემოკრატიული კრიზისის შესახებ დებატები გაიმართა. გამომსვლელებმა ისაუბრეს საქართველოში არსებულ ვითარებაზე. კერძოდ, ყურადღება გამახვილდა ქვეყნის დემოკრატიულ უკუსვლაზე, "ქართული ოცნების" ანტიევროპულ რიტორიკასა და ნაბიჯებზე, რომელიც ევროპარლამენტარების შეფასებით, შეუთავსებელია კანდიდატი ქვეყნისთვის.

გამომსვლელებმა ისაუბრეს ქვეყნის დემოკრატიულ უკუსვლაზე პასუხისმგებელი პირების სანქცირების საჭიროებაზეც, ასევე ქვეყანაში სამოქალაქო საზოგადოების და მედიის მხარდაჭერის მნიშვნელობაზე და მხარდაჭერა გამოხატეს ქართველი ხალხის ევროპული მისწრაფებების მიმართ.

განხილვის კიდევ ერთი თემა იყო BBC-ის გამოძიება. გამომსვლელებმა თბილისში აქციების დაშლისას ქიმიური იარაღის გამოყენების საკითხზე დამოუკიდებელი საერთაშორისო გამოძიების საჭიროებაზე გაამახვილეს ყურადღება.

აღინიშნა, რომ "ოცნების" მთავრობის მხრიდან კურსის შემობრუნების შემთხვევაში, ევროკავშირის კარი საქართველოსთვის ღია რჩება.

ევროკომისარი დემოკრატიის, სამართლიანობისა და კანონის უზენაესობის საკითხებში, მაიკლ მაკგრატი: "საქართველო „ქართული ოცნების“ მმართველობის ქვეშ დემოკრატიულ ნორმებს შორდება. ჩვენ დემოკრატიულ ინსტიტუტებსა და ფუნდამენტურ უფლებებზე სისტემატურ თავდასხმას ვხედავთ. მხარს ვუჭერთ ქართველი ხალხის უფლებას, რომ დემოკრატიული ევროპული მომავლის მოთხოვნა გააგრძელონ.

კანონის უზენაესობის სწრაფი რღვევა, შემზღუდავი კანონმდებლობის მიღება და სასამართლო სისტემის იარაღად გამოყენება, სამოქალაქო სივრცის შემცირება, ეს ყველაფერი ვერ აკმაყოფილებს კანდიდატი ქვეყნისგან მოლოდინებს.

მოვუწოდებ საქართველოს ხელისუფლებას, რომ გაფართოების ანგარიში დაინახოს, როგორც შესაძლებლობა, შეცვალოს კურსი, ნდობა აღადგინოს და ევროკავშირისკენ სვლის გზას დაუბრუნდეს. საქართველოს მომავალი მათ ხელშია.

საქართველოს დემოკრატიულ უკუსვლაზე საპასუხოდ, ჩვენ მივიღეთ რამდენიმე მნიშვნელოვანი ზომა. ჩვენ შევამცირეთ პოლიტიკური თანამშრომლობა ხელისუფლებასთან და შევაჩერეთ ორმხრივი დახმარება, რომლითაც პირდაპირ სარგებლობდნენ.

საქართველო აგრძელებს ადამიანის უფლებებისა და კანონის უზენაესობის იმ კრიტერიუმების დარღვევას, რომლებიც უვიზო რეჟიმის პირობებს წარმოადგენს. უვიზო რეჟიმის შეჩერების მექანიზმის შესახებ ანგარიში მიმდინარე კვირის ბოლოს გამოქვეყნდება. წლის ბოლომდე კი ახალი წესები ძალაში შევა, რაც მეტ შესაძლებლობას მოგვცემს, რათა შესაბამისი ზომები მივიღოთ. საქართველოს დემოკრატიულ უკუსვლასა და ადამიანის უფლებების დარღვევებზე პასუხისმგებელი პირების წინააღმდეგ შესაძლო სანქციების შესახებ მოლაპარაკებები მიმდინარეობს. პარალელურად, ვაგრძელებთ ძალისხმევას სამოქალაქო საზოგადოების მხარდასაჭერად. გასული წლის ოქტომბრის შემდეგ დამატებით 24 მილიონი ევრო გამოიყო სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების და დამოუკიდებელი მედიის მხარდასაჭერად საქართველოში.

ევროკავშირი ქართველი ხალხის გვერდით დგას. ჩვენი კარი ღია რჩება, თუ ხელისუფლება დემოკრატიული უკუსვლის კურსს შეცვლის...“.

ევროპარლამენტარი რასა იუკნევიჩიენე: "გუშინდელი სახაროვის პრემია სინდისისა და თავისუფლების ყველა პატიმარს ეხებოდა ალექსანდრე ლუკაშენკოსა და ბიძინა ივანიშვილის ციხეებში. მათ ევროპული პარლამენტისგან ნათელი მესიჯი გავუგზავნეთ "თქვენ მარტო არ ხართ, გხედავთ, თქვენი გვესმის, და თქვენს დახმარებას ვცდილობთ. ბევრი მეგობარი გყავთ აქ, ევროპარლამენტში. თუმცა, საქართველოში ვითარება უარესდება. მსურს, ყურადღება მიაქციოთ BBC-ის ცოტა ხნის წინანდელ გამოძიებას. ის ავლენს, რომ პირველი მსოფლიო ომიდან ქიმიური ნივთიერება გამოიყენეს პროტესტების ჩასახშობად 2024 წელს. ქიმიური ნივთიერებები წყლის ჭავლში შეურიეს. ეს გამოძიებული უნდა იქნეს. კომისიასა და საბჭოს რეაგირებისკენ მოვუწოდებ, საერთაშორისო დამოუკიდებელი გამოძიების ინიცირება მოახდინონ. ფაქტი, რომ საქართველოს მთავრობას დამოუკიდებელი გამოძიების ეშინია, მხოლოდ იმას აჩვენებს, რომ მათ სიმართლისა და დასჯის ეშინიათ. ეს აჩვენებს, რომ BBC-ის მიერ გამოვლენილი ფაქტები დიდი ალბათობით სიმართლეა. ბრძოლაში მყოფ ქართველ ხალხს უნდა დავეხმაროთ, ვინაიდან საქართველო ევროპაა”.

ევროპარლამენტარი ტობიას კრემერი: „წარმოიდგინეთ ნივთიერება, რომელიც სუნთქვის უნარს გართმევთ, კანს გწვავს, ხველასა და ღებინებას იწვევს და არა მხოლოდ რამდენიმე წუთით ან საათით, არამედ დღეებისა და კვირების განმავლობაში. ეს არის პირველი მსოფლიო ომის დროინდელი ქიმიური იარაღის, კამიტის შედეგები. დღეს ჩვენ დამოუკიდებელ ცნობებს ვკითხულობთ, რომლის მიხედვითაც, სავარაუდოდ, მისი ევროპაში გამოყენება კვლავ მოხდა. ამ ცნობების თანახმად, საქართველოს ხელისუფლებამ იგი წყლის ჭავლში შეურია და გამოიყენა არა დამპყრობელი არმიის, არამედ საკუთარი მოქალაქეების წინააღმდეგ. იმიტომ, რომ უკვე წელიწადზე მეტია, რაც ქართველი ხალხი დემოკრატიული რეჟიმის, კანონის უზენაესობის და რაც მთავარია, ევროპული მომავლისთვის, მშვიდობიანი პროტესტი გამართვას ბედავს.

მოდით, მოვიწვიოთ დამოუკიდებელი საერთაშორისო გამოძიება „ქართული ოცნების“ მთავრობის მიერ მსგავსი ქიმიური იარაღის გამოყენების შესახებ. მოდით, საბოლოოდ ნამდვილი და მიზანმიმართული სანქციები დავაწესოთ, არა მხოლოდ დიპლომატიური პასპორტის მფლობელ რამდენიმე პირზე, არამედ თავად დე ფაქტო მმართველ ივანიშვილზე და მის ყველა თანამზრახველზე, რომლებიც ასეთ საშინელ დანაშაულში მონაწილეობენ. კოლეგებო, ქართველები ყოველდღიურად ნამდვილ სიმამაცეს იჩენენ და მოდით, ჩვენს იგივე გავაკეთოთ“.

ევროპარლამენტარი დევიდ მაკალისტერი: "როგორც იბრძვიან ქართველების თავისი დემოკრატიის დასაცავად ბევრზე მეტყველებს. ქვეყანა ოდესღაც აღმოსავლეთ სამეზობლო პოლიტიკის ლიდერი იყო.

უკვე აღინიშნა დემოკრატიის შემცირება, რომელიც ხასიათდება სახელმწიფოს მიტაცებით, სამოქალაქო საზოგადოების სასტიკი რეპრესირებით, და საარჩევნო თაღლითობით, ყველასთვის შემაშფოთებელი უნდა იყოს. აღმოსავლეთ პარტნიორობა უფრო ოპტიმისტურ დროს შეიქმნა, მან დაკავშირებადობა და რეფორმები მოგვიტანა და მოლდოვა და უკრაინა ნათელ ევროპულ გზაზე დააყენა. მაგრამ მას ნამდვილად აკლია ეფექტიანი ინსტრუმენტები დემოკრატიული უკუსვლის და მავნე გავლენების აღსაკვეთად, რასაც ახლა სამწუხაროდ ვხედავთ საქართველოში. საქართველოში დემოკრატიული კრიზისის გაღრმავება გვახსენებს, რომ მყარი სამეზობლო და გაფართოების პოლიტიკა უნდა იყოს მკაფიო, სანდო და პირობებზე დაფუძნებული, უპირისპირდებოდეს მათ, ვინც ძირს უთხრიან მას და მხარს უჭერდეს დიდებულ ქართველ ხალხს, ვინც ევროპას ირჩევს".

ამასთან, იყვნენ გამომსვლელები, რომლებმაც საპირისპირო რიტორიკის განცხადებები გააკეთეს. მაგალითად, ევროპარლამენტარმა, ტიერი მარიანიმ განაცხადა, რომ "უკვე თვეებია, საქართველო ევროპული ინსტიტუტების მხრიდან უპრეცედენტო მედიაზეწოლის ქვეშაა. ეს თავდასხმები ეჭვქვეშ აყენებს თბილისის ინსტიტუტების ლეგიტიმურობას, მის სასამართლო სისტემას, ასევე ქართველი ამომრჩევლის სუვერენულ არჩევანს. ეს უცხოური არასამთავრობო ორგანიზაციების მხრიდან ჩარევას წარმოადგენს". ევროპარლამენტარმა კრისტიან ტერჰესმა კი თქვა, რომ "ევროკავშირმა უნდა შეწყვიტოს პარტნიორ ქვეყნებთან, მათ შორის საქართველოსთან, მოპყრობა, როგორც პოლიტიკური თამაშის ინსტრუმენტებთან ან ევროკავშირის შიდა დავების გადატანის ადგილთან".

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები