"ევროპას სჭირდება წვდომა მდიდარი რესურსების რეგიონთან და ჩვენი ამოცანაა, მაქსიმალური ჩართულობა უზრუნველვყოთ როგორც სატრანზიტო ქვეყანამ“, - განაცხადა საქმის კურსთან საუბრისას ენერგეტიკის მინისტრის მოადგილე მარიამ ვალიშვილმა.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაცია White Stream-სა და W-Stream Caspian Pipeline Company-ში 10-10%-ს შეიძენს. მარიამ ვალიშვილი ამბობს, რეგიონში განვითარება შეინიშნება და ევროპული მხარის სურვილი, რომ თურქმენული გაზი მიიღოს გაზრდილია.
"კასპიის რეგიონში ნავთობისა და გაზის ძალიან ბევრი რესურსია. ბუნებრივია, ერთ-ერთ პრიორიტეტად აქვს ევროკავშირს, რომ წვდომა ჰქონდეს ამ რესურსებზე. ეს არის იდეის დონეზე არსებული პროექტები რომელიც ხორცშესხმის ეტაპებს უნდა გადიოდეს. ბევრი წელია მთავრობას თეთრი ნაკადის კონსორციუმთან მემორანდუმი აქვს გაფორმებული, რომელიც თანამშრომლობას გულისხმობს ამ პროექტების განვითარების კუთხით. შეფაება უნდა იყოს უფრო დეტალური.
დღეს არის რამოდენიმე ოფცია თუ როგორც უნდა მოხდეს ამ მდიდარი ქვეყნის რესურსების მიბმა ევროკავშირის ბაზართან, რომელიც ყველაზე მსხვილი მომხარებელია დღეს მსოფლიოში. პროექტები იდენტიფიცირებულია, თუმცა დამატებით შესწავლას მოითხოვს. ბევრი ტექნკურ-ეკონომიკური პარამეტრებია დასაზუსტებელი.
შემდეგ ეტაპზე რომ გადავიდეთ კარგი იქნება ჩართულობა და პარტნიორობა ამ კონსორციუმებთან, რომლებიც წლებია ამ პროექტებითაა დაკავებული.
მემორანდუმის ფორმატის გარდა, გვინდა უფრო დეტალურად ჩავერთოთ ამ პროექტებში", - ამბობს ენერგეტიკის მინისტრის მოადგილე და განმარტავს, რომ ორივე პროექტი ევროკავშირის პრიორიტეტული პროექტების ნუსხაში იყო მოხვედრილი.

























